ცხოვრება – საუკეთესო მასწავლებელი
„მასწავლებელი“ – ამ სიტყვის ცნება უმრავლესობისთვის ასოცირდება სწავლასა და სკოლასთან, ხოლო ჩემთვის უკვე თითოეულ ადამიანთან, ყველა არსებასთან, სამყაროსთან და ცხოვრებასთან.
ამბობენ: „როცა მოსწავლე მზად არის მასწავლებელიც სწორედ მაშინ მოდის“-ო. სწორედ, ასეთ დროს გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში ის „მასწავლებლები“, რომლებიც ძალიან მჭირდებოდნენ და რომელთა სწავლებისა და მიღებისათვის მზად ვიყავი. ბევრ ადამიანს შევხვედრილვარ და ბევრ მოვლენას შევსწრებივარ, რომელთაც, დღევანდელი გადმოსახედიდან, ბევრი რამ უსწავლებია და ბევრ რამეზე მიუთითებია ჩემთვის, ბევრ რამეზე ჩავუფიქრებივარ, უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს. ბევრ რამეს ვსწავლობთ ბავშვისგან თუ დიდისგან, მეგობრისა და ახლობლისგან, თუ უბრალო ნაცნობისგან. ასევე ჩვენ ვხდებით სხვების მსაწავლებლები, ჩვენგან სწავლობენ. არცერთი ადამიანი არავის ცხოვრებაში „შემთხვევით“ არ ჩნდება., რადგან თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული ადგილი და როლი ჩვენს ცხოვრებაში, ზოგს დიდი, ზოგს პატარა.
უმეტეს შემთხვევაში, გვიჭირს ხოლმე შემჩნევა და გარჩევა იმისა, თუ რის სასწავლებლად მოგვივლინა ღმერთმა და სამყარომ ესა თუ ის მოვლენა თუ ადამიანი. გადის დღეები, თვეები, წლები და ვერაფერს ვერ ვსწავლობთ. ამ დროს სამყარო და ცხოვრება თითქოს „გვიკაკუნებს“, გვაძლევს მინიშნებებსა და შენიშვნებს. და გვეუბნება: „გაიღვიძე, გამოფხიზლდი, დაინახე!“ მაგრამ ამაოდ… ვერ და არ ვხედავთ, არ გვინდა ამის შემჩნევა. ვერ ვხედავთ ჩვენს შეცდომებს, და ისევ და ისევ, კვლავ და კვლავ, იგივე შეცდომა, იგივე შედეგი. შემდეგ ცხოვრება – საუკეთესო მასწავლებელი, გვიმოწმებს „დავალებას“ და გვიწერს „არადამაკმაყოფილებელ“ შეფასებას – 3-ს ან 2-ს ( ჩემს დროს 5ბალიანი შეფასების სისტემა იყო). ხოლო, როცა ვერ ვხედავთ ამ არასახარბიელო „ნიშანს“, თავისთავად არც გვაქვს მცდელობები, რომ გამოვასწოროთ ის. და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა უმეტესწილად, ვადანაშაულებთ ყველასა და ყველაფერს საკუთარი თავის გარდა.
კარგად და მწარედ მახსოვს, სკოლის ერთ-ერთი საგნის გამოცდაზე მივიღე „3“. ფრიადოსანმა ბავშვმა ეს ფაქტი ძალიან განვიცადე და ვინერვიულე. თუმცა, სწორედ ეს ნიშანი აღმოჩნდა ჩემთვის კარგი გაკვეთილი და მოტივაციის მომცემი, რომლის წყალობითაც უნივერსიტეტში სწორედ იგივე საგანში მიღებულმა უმაღლესმა ქულამ გამხადა – პრეზიდენტის სტიპენდიანტი.
ამიტომ დაინახეთ, შეამჩნიეთ, ისწავლეთ, იპოვეთ ის „მასწავლებელი“, რომელიც გამოგიგზავნათ ღმერთმა და სამყარომ, და აუცილებლად მიიღებთ ცხოვრების „სტიპენდიას“.
ლელა აფრიამაშვილი