როგორ ფიქრობ რა არის ბედნიერება? ან ბედნიერი ხარ?
ბედნიერება ჩვენშია……
ალბათ, ამ ჩვენს ლამაზ სამყაროში, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უფიქრია იმაზე , თუ რა არის ბედნიერება… ყველა ადამიანისთვის ბედნიერება სხვადასხვა რამეშია. ეს შეიძლება იყოს მეგობრებთან ურთიერთობა, სიყვარული, ჯანმრთელობა, რაღაც კონკრეტული მიზნის მიღწევა ან თუნდაც მატერიალური კეთილდღეობა.
მეც ბევრჯერ მიკითხავს საკუთარი თავისთვის- თუ რა არის ჩემთვის ბედნიერება, სად არის ბედნიერების გასაღები. მახსენდებოდა მომენტები წარსულიდან , თუ როდის, ვისთან ერთად ან რა სიტუაციაში ვგრძნობდი თავს კარგად, ლაღად და ბედნიერად. თუ როდის ვიყავი ნამდვილად გახარებული და კმაყოფილი.
ერთ რაღაცას კი მივხვდი და შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერება მართლაც რომ წვრილმანებშია.
საერთოდ არ არის ამისთვის საჭირო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი და ძალიან დასამახსოვრებელი მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ყველა ადამიანი შეიძლება იყოს ბედნიერი ყოველ დღე, მთავარია , ყური დავუგდოთ ჩვენს გულს, გრძნობებს და ჩვენს შინაგან ხმას.
მთავარია დავაფასოთ ის, რაც გაგვაჩნია. ვიყოთ მადლიერი იმის , რაც ბუნებამ და მაღალმა ძალებმა ჩვენთვის გამოიმეტა. საკუთარი თავი შევიყვაროთ და მივიღოთ ისეთი , როგორებიც ვართ, ჩვენი ნაკლოვანებების მიუხედავად.
ბედნიერება ჩვენშია, ჩვენს თავისუფლებაში, სილაღეში, ჩვენს გააზრებულ ცხოვრებაში.
ბედნიერი ხარ, როდესაც იმას აკეთებ, რაც შენს გულს და სულს უხარია. ყოველ დღე გაუგზავნეთ, გაუზიარეთ ერთმანეთს სიხარულის და სიყვარულის პატარა ნაპერწკალი, თუნდაც მცირედი. ამით თქვენ არაფერი არ დაგაკლდებათ. და შეიძლება სხვას ისე დაეხმაროთ ამ პატარა სხივით, რომ სიცოცხლის გაგრძელების სურვილიც კი დაუბრუნოთ.
გაუზიარეთ ერთმანეთს სიკეთე და სიყვარული.
მე კი ყველას გისურვებთ ბედნიერ, ლაღ, მხიარულ და გააზრებულ ცხოვრებას.
ნათია ახვერდაშვილი