გულწრფელობის უტკბილესი შედეგი
ადამიანის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი თვისება, რომელიც სხვა ბევრ კარგ თვისებებთან ერთად გააჩნია, ეს არის – გულწრფელობა.
ხანდახან ადამიანებს გვიჭირს რეალობის აღქმა, მისთვის თვალის გასწორება, გულწრფელად აღიარება და გულახდილად საუბარი. ასე თითქოს საკუთარ თავს ვატყუებთ, თავს ვიბმრამევბთ. არ ან ვერ ვუტყდებით საკუთარ თავს სიმართლეში, გულწრფელობა გვაკლია და ვერ ვართ საკუთარ თავთან გულახდილნი. იცით რატომ?! იმიტომ, რომ ეს გულწრფელობა „არახელსაყრელი“ ან „მტკივნეულია“ ჩვენთვის. გვეშინია, რომ ჩვენივე თავს ვერ გავუგებთ, რომ სხვები ვერ გაგვიგებენ. პირიქით, ამით ვაძლევთ ჩვენს თავსა და სხვებსაც ჩვენივე დახმარების საშუალებას. შეიძლება ადამიანი გაექცე ყველას და ყველაფერს, მაგრამ საკუთარ თავს ვერსად გაექცევი.
და ერთხელაც, ბოლოსდაბოლოს, დადგება ეს დრო! რაღაცნაირად უნდა შეძლო და მაქსიმალურად მოიკრიბო ძალები, გულწრფელი იყო და აღიარო საკუთარი თავის წინაშე, თვალი გაუსწორო შენს „მე“-ს. ეს უნდა გააკეთო, აუცილებლად უნდა გააკეთო! არა მხოლოდ გააკეთო, არამედ უნდა გაიმარჯვო კიდეც, გაიმარჯვო „საკუთარ თავზე“. მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც თვალს უსწორებს და ძლიერად უდგას წინ ყველანაირ გამოწვევას. გამოწვევამ კი არ უნდა გმართოთ თქვენ, თქვენ უნდა მართოთ ის, უნდა მოაქციოთ თქვენს ქვეშ, თავზე უნდა გადაახტეთ, გადაუაროთ და გადალახოთ. ეს ყველაფერი კი მიიღწევა მხოლოდ საკუთარ თავთან გულწრფელობით. გულწრფელად უნდა აღიარო და გაიცნო შენი თავი, რაოდენ მტკივნეული და მიუღებელიც არ უნდა იყოს შენთვის. იყავით საკუთარ თავთან მართალნი და გულწრფელნი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შეძლოთ შინაგანი სიმშვიდის მოპოვება. 9 ნეტარებაშია ნათქვამი: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“, – აქ სწორედ გულწრფელობასა და გულახდილობაზეა საუბარი. ნუ მოიტყუებთ თავს, ეს არაფრის მომცემია და ადრე თუ გვიან სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ, რაც ასე ძალიან არ გინდათ.
უბრალოდ იყავით გულწრფელნი, გაიწმინდეთ თქვენი თავი ამ „უბრალო-ბრალიანი“ უნარ-ჩვევით. იყავით გულწრფელნი ყველას მიმართ, ასე ურთიერთობებიც ბევრად გაგიუმჯობესდებათ. ენდეთ თქვენს თავს, გულწრფელად შეიყვარეთ საკუთარი თავი, თქვენი ახლობლები, მეგობრები, სამყარო. იყავით გულწრფელნი ყველგან და ყველაფერში. ღმერთიცა და სამყაროც დაინახავენ თქვენს გულწრფელობას, თქვენს სუფთა გულს და უფრო გულუხვი, ლმობიერი და გულისხმიერი გახდება თქვენს მიმართ.
გადადგით ეს ნაბიჯი! ნუ გეშინიათ! მხოლოდ ასე აღმოაჩენ შენში რაც არ მოგწონს, ხოლო რაც არ მოგწონს შეგიძლია შეცვალო. შედეგი კი იქნება საუკეთესო -„უტკბილესი“! და ეს შესაძლებელია!
დიდი სიყვარულით ლელა აფრიამაშვილი <3
© IBEL ACADEMY