რა არის თქვენთვის ბედნიერების ფორმულა?
რაში მდგომარეობს ბედნიერების განცდა? თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბედნიერება ინდივიდუალურია. მე კი განსხვავებული აზრი მაქვს. ვფიქრობ, ბედნიერებას ერთადერთი ურყევი ფორმულა აქვს – თავდაპირველად უნდა შეიცნო, მიიღო და შეიყვარო საკუთარი თავი, შეიგრძნო შენი საკუთარი სულიერების მნიშვნელობა, რათა მერე შეძლო ბედნიერების დანახვაც და განცდაც.
ვფიქრობ ადამიანის საწყისი დანიშნულება სწორედ ეს არის, რომ ჯერ თავისი შინაგანი სამყარო გახადოს ჰარმონიული. ამის შედეგად კი თავის გარშემო არსებული გარემო სასურველად მოეჩვენება, მეგობრებს ისეთებს მიიღებს, როგორებიც არიან, წარმატებისა თუ მარცხის მიუხედავად შეიყვარებს თავის წინაპრებს, დააფასებს იმ ატმოსფეროს, რომელშიც ცხოვრობს.
თუ ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს ბედნიერებას, მასში გაქრება სტრესი და უიმედობა, არ მოუწევს საკუთარ თავთან ბრძოლა, ყოველდღიური კამათი თუ განაჩენის გამოტანა სამყაროსთვის თუ საკუთარი თავისთვის. და, რაც მთავარია, ის მადლიერი იქნება, რომ დაიბადა, რომ მიეცა შესაძლებლობა აკეთოს ძალიან ბევრი სიკეთე და შეიცნოს ეს საოცარი სამყარო, შეუყვარდება ყოველი დღე, არ ინანებს შეცდომებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დაეშვა და გადამეტებით არ იღელვებს მომავალზე, რომელიც აუცილებლად შეიქმნება სიყვარულის საფუძველზე.
ბედნიერება სიყვარულია, ჯერ საკუთარი თავის სიყვარული, თუმცა ეგოიზმისგან თავისუფალი სიყვარული. როცა ადამიანს საკუთარი თავი უყვარს, მას სხვებიც და სამყაროც უყვარს და ის არასოდეს დაიღლება სიკეთის კეთებით.
ვფიქრობ, ადამიანები ამისთვის გავჩნდით – შევისწავლოთ საკუთარი თავი, მივიღოთ იგი, მუდამ მის სრულყოფას ვცდილობდეთ და თან გავცემდეთ სიკეთესა და სიყვარულს.
რაც შეეხება იმას, თუ რამ შეიძლება მოგვანიჭოს ბედნიერება. ადამიანს, რომელმაც ჯერ საკუთარ თავში იპოვა იგი, უამრავი რამ აბედნიერებს. ეს შეიძლება იყოს მზიანი ამინდი, ნაზი სიო, უცნობის ღიმილი, კეთილი სიტყვა, საინტერესო წიგნი, მოხუცებზე ზრუნვა, გაჭირვებულის დახმარება, ბავშვის სურნელი, ახალი ქვეყნის აღმოჩენა… ეს სია ძალიან გრძელია.
ბედნიერება გზაა, რომელიც საკუთარი თავიდან იწყება და არასოდეს სრულდება.
ანი ჯაფარიძე