როგორ გავხდე წარმატებული ქალი ოჯახში და პროფესიაში ერთდროულად?
იმპულსები,გააზრება…
გიფიქრიათ იმაზე თუ რა არის წარმატება?
დღესდღეობით არ არის ადვილი იყო წარმატებული ქალი პროფესიაში და ოჯახში ერთდროულად, მაგრამ ეს შესაძლებელია.
წარმატება, ისევე როგორც ბევრი სხვა სულიერი თუ მატერიალური მდგომარეობა შედარებითია. ზოგისთვის ეს არის მაღალანაზღაურებადი ხელფასი, ზოგისთვის საყვარელი საქმის კეთება, ზოგისთვის კარგად აღზრდილი შვილი ან ეს ყველაფერი ერთად და მეტიც, ჩვენ ხომ მრავალ სფეროში გვიწევს ურთიერთობა და მოღვაწეობა. შეიძლება ეს იყოს ადამიანური ურთიერთობები ან უბრალოდ ერთი წარმატებით ჩავლილი დღესასწაული.
ზოგადად ადამიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს საკუთარი წარმატება და ვფიქრობ მისი პიროვნული წარმატებების ზრდის პრინციპით უნდა იცხოვროს და გაიზარდოს. ეს ყველაფერი კი იწყება ხოხვით, ცოცვით, წამოდგომით, დაცემით, შემდეგ პატარ-პატარა ნაბიჯებით სიარულით და სირბილით საკუთარი წარმატებისკენ.
ფაქტია, ჩვენ ყველას გვაქვს დღე-ღამეში 24 საათი ხომ?
გვაქვს დღის განმავლობაში უამრავი დავალება, მოვალეობა, ვალდებულება, რომელიც როგორც ქალმა და მშობელმა უნდა შევასრულოთ და მოვაგვაროთ ისევე როგორც ოჯახში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში.
და ეს ყველაფერი უნდა მოვაგვაროთ ხშირად რეკორდული სისწრაფით. ხშირად უძილობის ხარჯზე გვიწევს ამა თუ იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, რადგან ვიღებთ ბევრ საქმეს საკუთარ თავზე, როცა შესაძლებელია საერთო დავალებების თუ საქმიანობის ოჯახის სხვა დანარჩენ წევრებზე გადანაწილება და გააზრებულად ამის მიწოდება ისე რომ, მათი მხრიდან ასევე იყოს ეს გააზრებული და მიღებული. პასუხისმგებლობის აღება თითოეულისთვის და აქტიური ჩართულობა დღის დაგეგმარებისთვის არის მეტად მნიშვნელოვანი ოჯახის საერთო ინტერესებისთვის, რომ იყოს ოჯახი, როგორც გუნდი წარმატებული.
შინაგან პოზიციას ამ შემთხვევაში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ვფიქრობ დედის როლი გვესმის ხშირ შემთხვევებში როგორც ზედმეტად მზრუნველი პოზიცია, ეს ყველას არ ეხება ბუნებრივია, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილია ესეთი დამოკიდებულება, რაც წინა თაობების დედებისგან და მათ წინა თაობებისგან გადმოგვეცა.
ასეთმა მზრუნველობამ შეიძლება დააზიანოს კიდეც ბავშვი თვითგანვითარებაში. მშობლის გადამეტებული კონტროლის და ზედმეტი მზრუნველობის გამოვლინებით ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დამოკიდებულების განცდა და შემდეგ მოზარდმა ვერ გაართვას თავი ცხოვრებისეულ გამოწვევებს. არსებობს კვლევები, სადაც ფსოქოლოგები ემხრობიან დაკვირვებას, რომ ბავშვები რომლებიც აქტიურად იყვნენ პატარა ასაკიდანვე ოჯახურ საქმიანობებში ჩართულნი, ადვილად ადაპტირდებიან სოციუმში.
ისინი პატარაობიდანვე სწავლობენ დამოუკიდებლობას ამ პატარა საქმეების შესრულებით და ეს არის ქმედება, რომელიც მხოლოდ თეორიულ ცოდნას კი არ აძლევს ბავშვს როგორც მაგ. ლექსის სწავლა, არამედ პრაქტიკული ცოდნის პირდაპირ გამოყენების და ქმედებაში მიღებული სასარგებლო პროცესის მიერ მიღებული სასიამოვნო შედეგია, რომელსაც აღწევს მოკლე დროში და შედეგი მაშინვე ჩანს. ეს არის ასევე წარმატების შეგრძნება, რომელსაც ბავშვობიდანვე განიცდის ბავშვი და იცის მისი ფასი მომავალშიც.
ნათქვამია ძლიერი მშობლები, ძლიერი შვილებიო. სიძლიერეში კი იგულისხმება საკუთარი ძალების რწმენა, პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, გადაწყვეტილებებზე და ცხოვრებაზე.
ვფიქრობ გზა წარმატებისკენ რომ ზოგადად აქედან იწყება ვიყოთ სამაგალითოები ჩვენი შვილებისთვის. ვაშლი ხომ ვაშლის ხიდან შორს არ ვარდება?
ქალებს გვაქვს ხშირად იმის განცდა, რომ პროფესიაში წარმატებული თუ ვიქნებით, ვეღარ დავუთმობთ დროს შვილებს და ეს შიში ხშირად გვბლოკავს ამა თუ იმ გადასადგმელი ნაბიჯებისკენ რომ გავხდეთ წარმატებულნი,არადა შინაგანი ხმა არ გვასვენებს, რომ გვინდა იმაზე მეტი გავაკეთოთ, ვიდრე ვაკეთებთ საყვარელ საქმიანობაში.
ამ შემთხვევაში უნდა გავიაზროთ ის, რომ არა ბევრი დროს გატარებაა გადამწყვეტი ბავშვთან ან ოჯახში, არამედ ხარისხი, თუ როგორ გაატარებ დროს.
ხშირად ვაწყდებით დროის უქონლობის პრობლემას და ვფიქრობთ თუ როგორ გავარვათ თავი ამდენს ერთად და ვიკარგებით სადღაც გაურკვევლობაში.
გამოსავალი კი არა პრობლემებზე უსასრულო ფიქრშია, არამედ პრობლემის შესაძლებლობად ქცევაში. პრობლემის, როგორც შესაძლებლობად დანახვა შეგაძლებინებს შეცვალო დამოკიდებულება პრობლემის მიმართ, ამის შემდგომ იწყება პრობლემის გარდაქმნა შესაძლებლობად.
პრობლემებზე მხოლოდ ფიქრი რომ არ იქცეს დღის წესრიგად, აუცილებელია დაგეგმარება დღის, ან მთელი კვირის. იდეალურ შემთვევაში მთელი თვის და წლის.
მაგრამ ვახსენე რომ პატარ-პატარა ნაბიჯებიდან იწყება ეს ყოველივე, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებების ნელ-ნელა შემოტანა იყოს შესაძლებელი.
ცვლილებებისთვის კი მზად უნდა ვიყოთ, ეს მოითხოვს საკუთარ თავზე მუშაობას, რესურსების აღმოჩენას, გააქტიურებას რომელსაც მოყვება მყარი გადაწყვეტილება გააზრებულად იმაზე, რომ გინდა იყო წარმატებული შენი ცხოვრების ყველა სფეროში. როდესაც ეს გადაწყვეტილება იქნება გააზრებულად მიღებული, მერწმუნეთ სამყარო იწყებს შენზე ზრუნვას და ის ნამდვილ განზრახვას უყურადღებოდ არ ტოვებს.
და ყველაზე მთავარია, სიყვარულით აკეთებდე ყველა საქმეს რასაც აკეთებ, ეს ერთგვარი წინაპირობაა წარმატებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს
ნინო ბაშარული