როგორ ვაწვდით სამყაროს „არასწორ გზავნილებს“
ყველა ჩვენთაგანი ფიქრობს, ოცნებობს, ისახავს გეგმებსა და მიზნებს… აყალიბებს თვის აზრებს სიტყვებისა და წარმოსახვითი სურათების მეშვეობით. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ოცნებისა და მომავალზე ფიქრისას საკუთარ თავს სიძნელეებს და მითუმეტეს, ცუდს უსურვებდეს… ეს ერთი შეხედვით, მაგრამ რეალობაში კი სულ სხვა სურათს ვხედავთ. ჩაგაფიქრეთ? მაგალითი ცხოვრებიდან: შეყვარებული და ბედნიერი ადამიანის სტატუსს ვკითხულობ ფეისბუქზე (სიტყვა-სიტყვით ვერ გავიმოერებ, მაგრამ მთავარი აზრი ესაა): „რა კარგია, როდესაც პოულობ „შენს ადამიანს“, მეწყვილეს, შენს „ნახევარს“, რომელთანაც გინდა ცხოვრება გაიზიარო, ერთად გალიო წუთისოფლის შარა-გზა, რომ ჭირშიც და ლხინშიაც ერთად იყოთ“-ო! დიახ, კარგია!
უდაოდ კარგია და სიყვარულს რა ჯობს! მეწყვილეს პოვნა ბედნიერებაა! სიყვარული კი – ღვთის საჩუქარი! ვკითხულობ სტატუსს და მსიამოვნებს, მეღიმება, თითქოს ავტორის ბედნიერება და კეთილგანწყობა ჩემზეც გადმოდის, გულში სინაზისა და სისათუთის თბილ ტალღად მეღვრება და მახალისებს. და ამ ამაღლებული შეგრძნებებისთვის ვარ მადლიერი, ვიზიარებ ავტორის ბედნიერებას და გაბადრული, გაორმაგებულს ვუბრუნებ კეთილი სურვილების სახით. მაგრამ უცებ, თითქოს ჩემმა მზერამ კუნძს ფეხი წამოსდო, წაიქცა, ტუჩები მოპრუწა და სატირლად გაემზადაო – ასეთ ფრაზას ვაწყდები: – „რა კარგია, როდესაც პოულობ ადამიანს, რომლისთვისაც მზად ხარ მსხვერპლი გაიღო“. ამ მომენტში ჩემში მოძალებული რომანტიკული გრძნობები უცებ აორთქლდა და საღად მოაზროვნე „ინგა დეიდა – ფსიქოლოგმა“ გამოიღვიძა. მივწერე ავტორს: ამ სიტყვებით მსხვერპლზე იპროგრამებ თავს, მსხვერპლიანი სიყვარული რად გინდათქო?! არ ჯობს საღი, ძლიერი, სიკეთისა და გამრავლების მომტანი ურთიერთობები დავიპროგრამოთ და დავიბედოთთქო?!
იმწუთასვე მიხვდა ავტორი, რასაც ვგულისხმობდი. მოაზროვნე და ჭკვიანია ადამიანია, – მთხოვა, უფრო ვრცლად განმემარტა. ვფიქრობ ბევრი ადამიანისთვის იქნება ეს თემა საინტერესო. სწორად ამიტომაც ვწერ ამ ჩემს ნააზრევს. აბა დაფიქრდით მეგობრებო, „მსხვერპლი“ ფრიად ნეგატიური აზრის მატარებელი და მომცველი სიტყვაა: კატასტროფის მსხვერპლი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ.. ის ადამიანის სრულ ან ნაწილობრივ ფიზიკურ ან მორალურ განადგურებას ნიშნავს. რა კავშირი აქვს ზემოხსენებულ სიტყვას სიყვარულთან და ბედნიერ ურთიერთობებთან?! – არანაირი!!! კიდევ ერთი საინტერესო კითხვა დასვა ავტორმა: – „აბა, როდესაც მზად ვარ ჩემთვის მნიშვნელოვანი (კარიერა, მეგობრები, სახცოვრებელი ადგილი და ა.შ.) დავთმო და უარი თქვა მასზე, ამ ურთიერთობებისა და სიყვარულის გამო, ეს ჩემი მხრიდან მსხვერპლი არ არის“-ო?! ეს შენი არჩევანია, ჩემო კარგო, და არა მსხვერპლი!!!
როდესაც საღი მოაზრებისა და განსჯის შედეგად მიხვედი დასკვნამდე, რომ „ამ ადამიანთან ყოფნა მინდა და ამისათვის მზად ვარ ჩემს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები შევიტანო (სამუშაოს, ადგილ-სამყოფელის და ა.შ. შეცვლა)“. ეს შენი არჩევანია! და შემდგომ ცვლილებებსაც „მკლავებ დაკაპიწებული“, მოუთმენელად, ხელების ფშვნეტითა და ენთუზიაზმით ხვდები, – აბა, ახალი საცხოვრებელი! აბა, ახალი სამსახური! გაუმარჯოს ახალ გამოწვევებს და ახალ გამოცდილებას-ო, იტყვი! ხოლო როდესაც მსხვერპლის პოზიციას ირჩევ (დარწმუნებული ვარ, ეს ქვეცნობიერად, რაღაცა პროგრამების ზეგავლენით ხდება, და ავტორი არც კი დაფიქრებულა ამ, ერთი შეხედვით, უბრალო ფრაზის ღრმა დამანგრეველ ზემოქმედებაზე) – წასულია საქმე. ყველას და ყველაფერს აგებინებ – ამ სიყვარულმა ჩემი კარიერა (ან სხვა რამ) იმსხვერპლა, მე შევწირე მსხვერპლად!!!
ეს რას ნიშნავს? – სამუდამო დაღი დაესვა, ხაზი გადაესვა კარიერას… მსხვერპლია! – გორიჯვარზე შეწირული ყელგამოღადრული ბეკეკასავით… ირბენს და იკიკინებს კიდევ ოდესმე ეს ბეკეკა ლაღად და მოწიწკნის მწვანე ბალახს?! გამოდგება ეს ბეკეკა ჩაქაფულისა და ყაურმის გარდა სხვა რამისთვის?… ჩაქაფული კი ჩვენი კუჭ-ნაწლავის გავლის შედეგად რად გადაიქცევა, კი ვიცით ყველამ… ჰოდა იგივე დაემართება კარიერასაც… და მსვერპლშეწირვის პოზიციიდან შემდგარ ურთიერთობებში ეს „იგივე“ ადრე თუ გვიან ამოტივტივდება და თავის „სურნელოვან“ საქმეს გააკეთებს… აბა გაიხსენეთ, როდის ვწირავთ ხოლმე სალოცავს მსხვერპლს? – ორ შემთხვევაში: ან როდესაც დიდ სასწაულს ვთხოვთ და მოველით მისგან, ან უკვე მომხდარი სასწაულის სამადლობლოდ. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც შევწირეთ ეს მსხვერპლი, სასწაულებს არ და ვერ გააკეთებს, ეს არაა მისი დანიშნულება… ჩვენ კი, მსხვერპლშემწირავნი გააზრებულად, თუ გაუზარებლად მოველით მისგან ამას: „მე ხომ მსხვერპლი შემოგწირე!!!
ესეიგი შენ თითქმის ღმერთი ხარ და უნდა ღმერთივით მოიქცე: უნაკლო უნდა იყო, ხელის გულზე მატარო და გამაბედნიერო! ის კი, „მსხვერპლმიმღები“, უბრალო კაცია, თავისი სისუსტეებითა და შეცდომებით. ხან გაგახარებს, ხანაც გაგაბრაზებს. ხან იყოჩაღებს, ხანაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდება. ხან გაგიგებს, ხან ვერ. ხან გაიმარჯვებს, ხანაც დამარცხდება… შესაძლოა ხანდახან (ან ხშირად) შენგან განსხვავებული მოსაზრებები და სურვილები წარმოექმნას… შესაძლოა გაუნელდეს სიყვარული და აღარ ინდომოს შენთან თანაცხოვრება (ეს ყველას შეიძლება დაემართოს)… შენ კი, თვალებაცრემლებული და სრულიად თავგზა აბნეული იბუტბუტებ – მე ხომ ამხელა მსხვერპლი შემოგწირე, შემოგწირე, მსხვერპლი შემოგწირე…. ვალდებული ხარ… ვალდებული ხარ, ვალდებული ხარ გამაბედნიერო!!!
მთავარი კი ისაა, რომ ვერავინ ვერ გაგაბედნიერებს „ვალდებულების“ გამო, თუ შინაგანად არ ხარ ბედნიერი. შინაგანი ბედნიერება კი შეუძლებელია მსხვერპლის პოზიციაში მყოფისთვის. სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა. გახსოვდეთ: თუ შესაძლოა, რომ ჩვენი ნათქვამი არასწორად იქნას გაგებული – ასეც მოხდება! ის აუცილებლად არასწორად იქნება გაგებული! სამყაროს არ ესმის ქარაგმები, გადაკვრით ნათქვამები, მრავალმნიშვნელოვანი მითითებები, ალეგორიები და ა.შ…. მოდი სწორად ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ, ვიოცნებოთ, რომ სიკეთე და წარმატება დავიბედოთ და დავიპროგრამოთ!
ინგა გოჩელეიშვილი -ბლესსი
Tag:აკადემია, ინგა ბლესსი, ონლაინ სწავლა