გამოამჟღავნე შენი შესაძლებლობები, მართე შენი ცხოვრება !
თანამედროვე ადამიანები თავისუფლების მოსაპოვებლად მთელი ცხოვრება ვიღწვით, მაგრამ რამდენად ხშირად ვეკითხებით საკუთარ თავს – რისთვის მჭირდება ის? ალბათ ვიტყვით, რომ ბედნიერებისთვის გვჭირდება, მაგრამ რა არის ბედნიერება კონკრეტული ადამიანისთვის?
სინამდვილეში თავისუფლების იმდენნაირი ცნება არსებობს, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე. ამოუწურავად შეიძლება მასზე საუბარი. ვიღაცისთვის ის მწვანე მინდვრებში თმაგაშლილ სირბილთან, ზოგისათვის დიდ სივრცეში ყვირილთან ასოცირდება, სადაც შეძლებს ემოციებისგან დაცლას, ზოგი ამბობს რომ თავისუფალია,როდესაც რასაც უნდა იმას აკეთებს. მე მინდა ვისაუბრო თავისუფლების ჩემეულ გაგებაზე, რომელიც საკუთარი თავის ფლობას გულისხმობს.
როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი თავისუფალია? – ჩემი აზრით ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანს შეუძლია აკონტროლოს საკუთარი თავი და მასში არსებული თვისებები, რომლებიც ხელს უშლიან მოქმედების დაწყებაში. მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ ის დაბრკოლებები, რომელიც გვაფერხებს და მუდმივად ვიმუშავოთ ამ ბარიერის მოსასპობად. სხვაგვარად ჩვენ საპყრობილეში დამწყვდეული პატიმრები ვართ, გისოსებს მიღმაც აქვს ადამიანს უფლება ციხის ეზოში გაისეირნოს, სიგარეტი მოწიოს, იძინოს და ჭამოს. სხვა არაფერი განსაკუთრებული სიკეთე არ გაგვაჩნია ჩვენი ნაქები თავისუფლებისგან , თუ ამ ყველაფერზე მეტს არ მოვინდომებთ.
„ ეძიე და ჰპოვებ „ – გვეუბნება ბიბლია – ეს გულისხმობს, რომ თავისუფლებისთვის უნდა იბრძოლო – დაამარცხო სიზარმაცე, შიში და შეძლო გამოხვიდე იმ „ კომფორტის ზონიდან „ სადაც გგონია, რომ ბედნიერი ხარ სხვის მიერ შემოთავაზებული „ ლუკმით“. სადაც არ გაქვს არჩევანის უფლება, ან გაქვს ძალიან მწირე. ამის გაცნობიერებით იწყება
მივცეთ თავს უფლება, დატკბეს მწვერვალების დაპყრობით მინიჭებული სიამოვნებით, შეუძლებელის მიღწევით, საკუთარ თავთან ბრძოლის მოგებით, რომ დაამარცხოთ უმოქმედობა.
გამოამჟღავნე შენი შესაძლებლობები, მართე შენი ცხოვრება და აიღე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ესაა თავისუფლება !
ლია ჭელიძე