“მიეცით ბავშვებს უფლება იყვნენ ბედნიერები”
ყველა მშობელს სურს თავისი შვილი ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქციოს სამყაროში. თუმცა დამღლელი სამსახურის შემდეგ, ან მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გვავიწყდება რა სჭირდებათ ბავშვებს ბედნიერებისთვის. არ არის აუცილებელი ბედნიერება უყიდოთ ფულით, ის უფასოა და ის თქვენს ხელშია.
მიეცით თქვენს შვილებს უფლება იყვნენ დამოუკიდებლები, მიეცით მათ არჩევნის უფლება აირჩიონ ის ტანსაცმელი, რომელიც მათ მოსწონთ, იყიდონ ის სათამაშო, რომელიც მათ სურთ და არა თქვენ. ეს არ ნიშნავს რომ ყველა ახირება და სურვილი უნდა შევუსრულოთ, ზომიერება ყველგან საჭიროა.
გინახავთ ბავშვები, რომელთაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ, არ იციან რა უნდათ, ადვილად ექცევიან სხვების ზეგავლენის ქვეშ, მერყევები და დაბნეულები არიან? და თქვენ გიფიქრიათ, რომ ისინი უბრალოდ უუნაროები ან უნიჭოები არიან ? იქნებ ის, არის მიზეზი რომ მათ არასოდეს არ უსმენენ, არ აინტერესებთ მათი აზრი, მათ ნაცვლად მშობლები იღებენ გადაწყვეტილებებს და მათ მხოლოდ აკრიტიკებენ.
შეხედეთ ბავშვს, როგორც პიროვნებას, პატივი ეცით მის აზრს, მოუსმინეთ რა სურს მას, ის ამით ისწავლის საკუთარი თავის რწმენას, საკუთარი აზრის გამოთქმის უნარს, სხვების მოსმენას და გაგებას.
ასწავლეთ მას, რომ უყვარდეს ყველა უანგაროდ, ქუჩაში მათხოვრის დანახვისას ნუ ეტყვით თქვენს შვილს: “ფუ ჭუჭყიანი”, “რამე არ გადაგედოს” … უთხარით მას, რომ ისინი უნდა უყვარდეს, რადგან ისინიც ადამიანები არიან. მათაც სჭირდებათ სითბო და სიყვარული როგორსაც ის (თქვენი შვილი) იღებს.
არ არის საკმარისი ბავშვებმა მხოლოდ იცოდნენ, რომ გიყვართ, ხშირად უთხარით ეს, გამოხატეთ, მოეფერეთ, ჩაეხუტეთ. ეს ემოცია მთელი ცხოვრება გაჰყვება მათ.
მათ პრობლემებს შეხედეთ სერიოზულად და ერთად გამონახეთ გამოსავალი, ისინი ხომ ახლა სწავლობენ ცხოვრებას, ნუ დაუმძიმებთ მას, მისი უგულებელყოფით.
მიეცით უფლება ირბინოს წვიმაში, ითამაშოს ტალახში, იხტუნაოს გუბეში, შეიგრძნოს სამყარო და დატკბეს.
როცა რამეს დააშავებს დასჯის ნაცვლად აუხსენით რატომ არ უნდა გააკეთოს ეს, 10-ჯერ 10000-ჯერ, აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუ მაინც არ ისმენს ჩამოართვით დროებით სასურველი ნივთი. ასწავლეთ რომ დანაშაულის აღიარება სულაც არ არის სირცხვილი, არამედ დიდი სიმამაცეა.
გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი თქვენგან სწავლობს ყველაფერს, ამიტომ ნუ მოსთხოვთ მას, იმას რასაც თქვენ არასწორად აკეთებთ.
ნუ აიძულებთ მათ გააგრძელონ თქვენი პროფესია, იარონ იმ წრეზე რაზეც თქვენ გინდათ. აცადეთ მათ აკეთონ ის რაც უნდათ და უხარიათ. თქვენ თუ წაგართვეს ეს ბავშვობაში, თქვენს შვილებს მაინც მიეცით უფლება იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით!
მარიამ პატარაია