იგავი -მამის წერილი
ერთ სოფელში ერთი მშრომელი და პატიოსანი კაცი ცხოვრობდა.
ტყუპი ვაჟი ჰყავდა,რომელთაც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა.
ერთხელ კაცი ავად გახდა და სოფლის მკურნალთან მივიდა.ექიმმა
ურჩია:-აღმოსავლეთის ქვეყანაში წადი,იქ ჩემი უფროსი ძმა ცხოვრობს, იმას აუცილებლად ეცოდინება შენი ავადმყოფობის წამალიო.
კაცი დაღონდა,დიდი ხნით მოუწევდა ოჯახის დატოვება,მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა.
ერთ დღეს ვაჟებს მოუხმო და უთხრა:
-მე შორეულ ქვეყანაში მომიწევს გამგზავრება,ჩემი ავადმყფობის გამო.ოჯახს თქვენ გიტოვებთ და აბა თქვენ იცით,აქაურობას როგორ მოუვლით.ბალღები აღარ ხართ,დავაჟკაცდით და ჩემს დავალებასაც ადვილად გაართმევთ თავს,თუ გულისყურით მიუდგებით საქმეს,არ იზარმაცებთ და გონიერებასაც გამოიჩენთ.
შვილებმა პირობა მისცეს,რომ სახლ-კარს მოუვლიდნენ და მამის დავალებებს შეასრულებდნენ.
კაცმა მიწის ნაკვეთები თანაბრად გაუყო შვილებს.თითოს,თითო ტომარა სიმინდის და ხორბლის მარცვალი დაუტოვა დასათესად.როგორ და სად დათესოთ მარცვალი წერილში დაგიწერეთ,
გულდასმით წაიკითხეთ და ყველაფერი გაითვალისწინეთ,რაც მანდ წერიაო.
ერთმა ვაჟმა მამის წერილი მისი წასვლის შემდეგ გახსნა და ყველა რჩევას ითვალისწინებდა,რაც წერილში ეწერა.ჯერ მიწა დაამუშავა,
მერე კვალი გაიყვანა.ხორბლის მარცვალი მშრალ მიწაზე დათესა,ხოლო სიმინდის იმ მხარეს მდინარე,რომ ჩამოუდიოდა.ერთი სიტყვით,სიტყვაც არ გამოუტოვებია,მამის წერილიდან.
მეორემ წერილი,რომ გაშალა:-ეს რამხელა რამე დაუწერია მამაჩემს,
ამდენი ამბები,რად უნდა სიმინდის და ხორბლის დათესვასო.წერილი იქვე ბუხარში შეაგდო და საქმეს შეუდგა.ამან პირიქით დათესა მარცვალი.გამარგვლაც დაავიწყდა.
რამდენიმე თვეში ხორბლის აღების დრო მოვიდა.ერთმა ძმამ აავსო ბეღელი მარცვლით,მეორემ,ორი ტომარაც ვერ გაავსო.კიდევ რამდენიმე თვე გავიდა.ახლა სიმინდის მოტეხვის დრო დადგა.ერთმა.
იმდენი მოსავალი აიღო,ძლივს დაატია ბეღლში,მეორე ისევ ხელმოცარული დარჩა.ხან მამაზე ბრაზობდა,ხან მიწას აბრალებდა და ხანაც მარცვალს ასეთ ცუდ მოსავალს.-ხედავ,მამაჩემმა მე უნაყოფო მიწა მომცა,ჩემს ძმას კი ნოყიერი.მე ცუდი მარცვალი-იმას კი ჯანსაღი.
გამოჯანმრთელებული კაცი რამდენიმე თვეში ოჯახში დაბრუნდა.
კაცმა შვილების მოფერებით გული,რომ იჯერა საქმეზე გადავიდა.
-აბა ჩემო ვაჟკაცებო,როგორ გაართვით თავი მოცემულ დავალებებს?
მამამ ბეღლებს მიაშურა,ერთის ბეღელი პირამდე სავსე იყო,
გახარებულმა მამამ შვილი შეაქო.-რადგან ასე გიყოჩაღნია ეს მიწები შენი იყოს!
ახლა მეორე შვილის ბეღელში შევიდა,რას ხედავს კაცი,რამდენიმე ტომარა მოსავალი აწყვია ერთ კუთხეში.
-ეს,რა გიქნია შვილი,მიწა ტყუილად მოგიცდენიაო.
-ჩემი რა ბრალია,ჩემს ძმას უკეთესი მიწა და მარცვალი მიეცი.ის ჩემზე იღბლიანი ყოფილა და ჩემზე მეტადაც გყვარებია.
-მაგას რატომ ამბობ,აბა წერილები მოიტანეთ,ორივეს ერთნაირი დარიგება მოგეცით,არც მარცვალი და მიწის ნაკვეთი გამომირჩევია.
ერთმა შვილმა ჯიბიდან მამის წერილი ამოიღო,იმდნჯერ წაეკითხა,
რომ ფურცელი სულ გაცრეცილი იყო.
-შენი წერილი სადაა შვილი?
შვილს შერცხვა.მიხვდა,რომ ჯადოსნური ძალა,მიწასა და მარცვალში კი არ იყო,არამედ მამის წერილში,რომლიც არასდროს არ წაუკითხავს.
მადონა ჯავახიშვილი