ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც მშობლები ბავშვის აღზრდისას უშვებენ -ნაწილი III
ნაპოლეონის გეგმები
ეს ის შემთხვევაა, როდესაც მშობლები ცდილობენ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ შვილების მეშვეობით. ბევრი მშობელი ბავშვობაში ოცნებობდა ევლო საბალეტო სტუდიაში, ესწავლა პიანინოზე დაკვრა ან ჩოგბურთი ეთამაშა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მიეცა. ამიტომ მამებისა და დედების მთავარი მიზანია საუკეთესო განათლება მისცენ შვილებს. მნიშვნელობა არ აქვს, ამის კეთება ნამდვილად უნდათ თუ არა ბავშვებს, რადგან დრო გავა და ისინი დააფასებენ უფროსების ძალისხმევას. მაგრამ სამწუხაროდ, ბავშვები ყოველთვის არ აფასებენ მშობლების ძალისხმევას. და ხშირად ბრწყინვალე მომავალი, რომელსაც უფროსები თავიანთ წარმოსახვაში ხატავენ, იმსხვრევა ბავშვის მხრიდან გამოხატული უხალისობის გამო, ვთქვათ, მუსიკაზე სიარულის მიმართ. სანამ ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა, უფროსებს ემორჩილება, მაგრამ შემდგომ … მშობლების სიყვარულის გალიიდან თავის დაღწევის სურვილის გამო ის პროტესტის გამოხატვის იმ გზებს მიმართავს, რაც მისთვის ხელმისაწვდომია – ეს შეიძლება იყოს როგორც ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, ასევე უბრალოდ მძიმე როკით გატაცება ღამის საათებში. ამიტომ, დღის განმავლობაში ბავშვის დატვირთვისას მისთვის საჭირო და სასარგებლო საქმიანობით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას გარკვეული დრო დავუტოვოთ მისი პირადი საქმეებისთვისაც.
სითბოს მინიმალური გამოვლინება
„კოცნა და მისი მსგავსი სითბოს გამოხატვა არც თუ ისე მნიშვნელოვანია ბავშვისთვის“- მოვეფერო პატარა დაიკოს? რა სისულელეა! დედას ვაკოცო? მამას ჩავეხუტო? არა, ამაზე დროს არ დავკარგავ. ბევრი თვლის რომ მოფერებამ ბავშვობის ასაკში შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს შემდგომში სექსუალური ორიენტაციის თვალსაზრისით. მოკლედ, არავითარი ფერება და კოცნა – არსებობს ბევრად უფრო საჭირო და სერიოზული საკითხები.
თუმცა, ნებისმიერ ასაკში ბავშვები ისწრაფვიან მოფერებისკენ, რაც მათ ეხმარება შეიგრძნონ, რომ ისინი უყვართ და რომ მეტად დარწმუნებული იყვნენ საკუთარ ძალებში. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ მოფერების სურვილი უმეტეს შემთხვევებში თავად ბავშვისგან უნდა მოდიოდეს. თავს ნუ მოახვევთ თქვენს სიყვარულს ბავშვებს აქტიურად – ამან შეიძლება თქვენი უკუგდება გამოიწვიოს.
თქვენი განწყობა
„შეიძლება თუ არა? ეს თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული“
მშობლების მოსაზრება:
უსიამოვნებები სამსახურში, ცუდი ურთიერთობა ოჯახში, ხშირია, რომ მშობლები „ორთქლს უშვებენ“ ბავშვზე ჯავრის ამოყრით. ბევრი დარწმუნებულია, რომ ამაში სანერვიულო არაფერია. საკმარისია ამის მერე ბავშვი მოვიხმოთ, ვუყიდოთ დიდი ხნის წინ შეპირებული სათამაშო და ყველაფერი წესრიგში იქნება.
ფსიქოლოგები გვირჩეენ:
მშობლებმა უნდა დაანახონ პატარას, რომ კმაყოფილი არიან მისი კარგი ქცევით და გულს ტკენთ მისი ცუდი ქცევა. ეს ბავშვებს ცხოვრებისეული ფასეულობების შეურყევლობის განცდას უქმნის. როდესაც უფროსები საკუთარი ეგოიზმის ან განწყობის გამო ერთ დღეს რაღაცის ნებას აძლევენ ბავშვებს, ხოლო მეორე დღეს ამასვე უკრძლავენ, ამით ბავშვმა შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნა გამოიტანოს: მნიშვნელობა არ აქვს რას ვაკეთებ, მთავარი ისაა, თუ როგორია დედაჩემის განწყობა. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ გრძნობთ, რომ საკუთარ თავს ვეღარ გარდაქმნით, მაშინ სჯობს წინასწარ შეუთანხმდეთ ბავშვს: „მაშ ასე, როდესაც კარგ ხასიათზე ვიქნები, შენ არ გექნება იმის უფლება რომ გააკეთო ყველაფერი, რაც მოგესურვება და როდესაც ცუდ ხასიათზე ვიქნები, გთხოვ ლმობიერება გამოიჩინო ჩემს მიმართ“.
როგორც ხედავთ, მშობლები უამრავ შეცდომას უშვებენ შვილებთან ურთიერთობაში. მაგრამ ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ მათთვის ბავშვის აღზრდა არავის უსწავლებია. ოდესღაც ისინიც არასწორი აღზრდის მსხვერპლი გახდნენ და აღზრდის ის მოდელი ქვეცნობიერად და უნებლიედ დღეს გადააქვთ საკუთარ შვილებზე. მაგრამ სწავლა არასდროს არის გვიან. გაითვალისწინეთ გონივრული რჩევები, წაიკითხეთ ლიტერატურა ბავშვთა ფსიქოლოგიის შესახებ. თუნდაც ცდის მეთოდითა და შეცდომების დაშვებით, მაგრამ წარმატებას მაინც მიაღწევთ. იყავით თქვენი შვილების მეგობრები და ამას ისინი თავისი უსაზღვრო ნდობითა და სიყვარულით დაგიფასებენ.
მოამზადა ინესა შაგინიანმა