ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც მშობლები ბავშვის აღზრდისას უშვებენ -ნაწილი II
ზედმეტი სიმკაცრე
„უნდა მოიქცე ისე, როგორც მე გეუბნები, რადგან მთავარი მე ვარ ამ სახლში“ – აღზრდის ამ მოდელში მშობლები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან, რომ ბავშვები უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდნენ უფროსებს – ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია აღზრდაში. აქ დისკუსია დაუშვებელია, მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი წლის არის ბავშვი – 6-ის თუ 16-ის. შვილი თავის ნებაზე არ უნდა მიუშვა, თორემ თავზე დაგაჯდება. ფსიქოლოგების აზრით, ბავშვებს უნდა ავუხსნათ მიზეზი ყველაფრისა, რასაც მათგან მოვითხოვთ და ასევე მიზეზი ყველაფრისა, რასაც მათ ვუკრძალავთ. ძალიან მკაცრი აღზრდა, იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც ბავშვისთვის ყოველთვის გასაგები არ არის, მის გაწვრთვნას უფრო წააგავს.
ბავშვი უნდა გაანებივრო
„აჯობებს ეს თავად გავაკეთო. ჩემს შვილი ჯერ ვერ შეძლებს ამას“ – თქვენ მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ თქვენი შვილისთვის, ბავშვები ხომ ყველაფერ საუკეთესოს უნდა იღებდნენ. ბავშვობა – ისეთი ხანმოკლე პერიოდია, ამიტომ ის მშვენიერი უნდა იყოს. ჭკუის დარიგება, წარუმატებლობა, დაუკმაყოფილებლობა – ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ ბავშვს თავიდანვე ავარიდოთ ყველა სირთულე და უსიამოვნება. ბავშვის ნებისმიერი სურვილის გამოცნობა და მისი შესრულება ხომ უდიდესი სიამოვნებაა.
განებივრებულ ბავშვებს ძალიან უჭირთ ცხოვრებაში. არ შეიძლება ერთადერთი შვილი მშობლებმა თავისი სიყვარულის საფარქვეშ მოამწყვდიონ. მომავალში ამან შესაძლოა უამრავი პრობლემა წარმოშვას. მერწმუნეთ, როდესაც მშობლები პირდაპირი გაგებით თითოეულ კენჭს არიდებთ შვილს გზიდან, ამით ბავშვი თავს ბედნიერად არ თვლის. უფრო პირიქითაა, ის თავს სრულიად უმწეოდ და მარტოსულად გრძნობს. „აბა შეეცადე თავად გააკეთო ეს, და თუ არ გამოგივა, სიამოვნებით დაგეხმარები“ – ეს თქვენი გოგონას თუ ბიჭის მიმართ გონივრული მიდგომის ერთ-ერთი ვერსიაა.
„რაც მეტია თანხა, აღზრდაც უკეთესია“
მშობლების მოსაზრება ასეთია:
ჩვენი მატერიალური შესაძლებლობები მეტად შეზღუდულია, ამიტომ ვერც კი ვაძლევთ თავს უფლებას, რომ შვილი გავანებივროთ, გვიწევს მუდმივად უნდა უარი ვუთხრათ ყველაფერზე. ის ისევ ძველ ნივთებს ხმარობს და ა.შ. ერთი სიტყვით, მეტი ფული რომ გვქონოდა, საუკეთესო მშობლები ვიქნებოდით.
სიყვარულს ფულით ვერ იყიდი – საკმაოდ ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა. ხშირად ხდება, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში, უფროსები ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვს არაფერი მოაკლდეს. მაგრამ თქვენ არ უნდა განიცდიდეთ სინდისის ქენჯნას იმის გამო, რომ შვილის ყველა სურვილს ვერ შეასრულებთ. სინამდვილეში, სიყვარული, მოფერება, ბავშვთან ერთად თამაში და მასთან გატარებული თავისუფალი დრო ბავშვისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენს საფულეში არსებული თანხა. და თუ კარგად გაიაზრებთ, ბავშვს ფული კი არ ხდის ბედნიერს, არამედ იმის გაცნობიერება რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის.
მოამზადა ინესა შაგინიანმა