ნეგატივი განიხილეთ პოზიტიურ ჭრილში და შეიმსუბუქეთ ცხოვრება
ვზივარ და ვიხსენებ იმ დღეს, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. დღე, რომელიც იყო ცრემლითა და გოდებით სავსე. არადა, ზამთარსაც ხომ თავისი ხიბლი აქვს? თეთრ ქათიბში შემოსილი, გამოპრანჭული ხეების ვერ აღქმა, სიბრმავეა, სხვა არაფერი.
პალატაში შემოსული ექიმი და მისი სინანულით ნათქვამი “სამწუხაროდ, დედა ვერასდროს გახდებით”, ფეხებ ქვეშ, საყრდენის გამოცლას ჰგავდა . არ მახსოვს არაფერი, გარდა ექიმის ფეხის ხმის, როცა პალატიდან ვიწრო დერეფანს გაუყვა და ის ინსტიქტი, რომელიც ბრძოლისკენ მიბიძგებდა. ეს არ იყო დასასრული, ეს იყო ჩემი მისიის დასაწყისი.
მე, დღეს, 3 ულამაზეს გოგონას ვზრდი, რომელთა ცხოვრებაში, დედა არასდროს იქნებოდა, რომ არა მე და ჩემი შემთხვევა.
ისინი, ვერასდროს მიხვდებოდნენ, რა არის ოჯახი, მზრუნველობა, მოფერება. მშობლობის ჩემი სურვილი და მათი ოცნება ჰყავდეთ დედა, ავსებს ერთმანეთს და დღეს, ეს სინთეზი, ამდენ ადამიანს აბედნიერებს.
მე ვარ ორჯერ უფრო მადლიერი იმ ზამთრის დღის მძიმე წუთების, რომელმაც დღეს, ამ პატარებთან გატარებული ყველა ბედნიერი წამი დამაფასებინა.
ნეგატივი განიხილეთ პოზიტიურ ჭრილში და შეიმსუბუქეთ ცხოვრება, მითხრა მან.
ისე ჩამაფიქრა ამ გულის ამაჩუყებელმა ამბავმა. მთელი ღამე ფიქრთან ერთად გავათენე, მთელი განვლილი ცხოვრება თვალწინ დამიდგა. შემრცხვა ჩემი უმადურობის.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც, ჩემს ცხოვრებაში, კვალი იმისთვის დატოვეს, რომ ცუდი და კარგი გამერჩია. თუ არ წააგებ, ვერ გაიგებ მოგების ფასს. თუ არ გიღალატეს, ვერ დააფასებ ერთგულებას. მადლიერი ვარ ყველა გამოწვევის, ყველა ტკივილის, რომელმაც მასწავლა მადლიერება.
გისურვებთ, ყოველ წუთში, მადლიერი წამები გეპოვოთ
ფსიქოლოგი და ქოუჩი სოფო კურტანიძე