ნებისმიერ ადამიანს აქვს საკმარისი რესურსი, რომ იქცეს ისეთად როგორიც სურს
ჩვენს ირგვლივ უამრავი ადამიანი უყურებს ტელევიზორს, ჩართულია ინტერნეტში, კითხულობს ჟურნალ–გაზეთებს, დიდი ინტერესით უსმენს მეზობლის მიერ მოთხრობილ ისტორიას, ძირითადად დრამატული ისტორიები ხვდება ყურადღების ცენტრში, მოკლედ უსმენს ყველას საკუთარი აზრებისა და სხეულის გარდა, მერე ოცნებებიც კი ქრებიან თითქოს, მაგრამ როგორ შევძლოთ გავუგოთ საკუთარ სხეულს, სულს და რა გავაკეთოთ მისი სიჯანსაღისათვის?!
როდესაც ხარ ჯანსაღი ,ყველაფერი მარტივია. თუკი ასეა ნებისმიერ ადამიანს აქვს საკმარისი რესურსი, რომ იქცეს ისეთად როგორიც სურს და მას იმდენად შეუძლია ეს, რამდენადაც კეთილგონივრულად ეპყრობა საკუთარ სხეულს. ხომ ვიცით, ყველაზე დიდი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა, მაგრამ ყველას გამოგვიცდია, რამდენად რთულია მასთან ჭიდილი, მაგრამ თუკი რეალურად შევიყვარებთ ჩვენი სხეულის ყოველ უჯრედს და პატივს ვცემთ მის სურვილებს, ყველაფერი სამყაროს ციკლივით თავის დროზე გვექნება, ისევე როგორც დროულად ამოდის მზე და ჩადის, ან თავის დროზე დგება ზამთარი და მოჰყვება გაზაფხული…
როდესაც რაიმე რიგზე ვერ გვაქვს, ვაბრალებთ ეკონომიკურ მდგომარეობას, პოლიტიკურ ფონს, ან იქნებ მშობლებსაც კი, რასაკვირველია ყველა ჩამოთვლილს აქვს გავლენა, მაგრამ ბრალეულობა ან პრობლემის მოგვარების გასაღები მაინც ჩვენშია. ჭეშმარიტება სიმარტივეშიაო თქმულა, ასევე მარტივად მგონია ეს გასაღები ჩვენს სხეულშივე იყოს. გემოვნებაც კი ხომ აზრებისა და ფიქრებისგან მომდინარეობს ჩვენსავე ორგანიზმიდან, ასე რომ თუკი გაქვს შესაძლებლობა გაშლილი სუფრიდან სასურველი კერძის შერჩევისა, შენს თეფშზე არასდროს იქნება უსარგებლო, მაღალკალორიული და არაჯანსაღი საკვები გენმოდიფიცირებული ძეხვეულით და უამრავ ცხიმში ნახარში პროდუქტებით, მითუფრო, რომ სამყარო ბევრად მარტივ, იაფსა და ჯანსაღს გვთავაზობს – თუნდაც ბროკოლის, წიწიბურასა და სხვა უამრავ დედამიწის სიღრმიდან ამოსულ მზა სახის ბურღულეულს, ბოსტნეულსა და ხილს. იმ წამს ხომ მაინც ხარ დამოუკიდებელი არჩევანში და მოათავსე სამყაროს ყველაზე ბუნებრივი საჩუქრები შენს ულუფაში.
ვისაც არ უნდა ვკითხოთ, გვიპასუხებს რომ უპირველესი სწორედ ჯანმრთელობაა, სანუკვარ ადამიანებსაც ხომ პირველ რიგში ამას ვუსურვებთ ხოლმე, მაგრამ რა არის რეალური მოქმედება?! დღის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმისათვის 2 ლიტრამდე წყლის მიწოდებაც კი გვენანება, თანაც მაშინ, როდესაც თვად ვართ 70% წყალი, ამაზე მარტივი და უფასო რა შეიძლება მოგვთხოვოს სხეულმა, რომ მისი ყოველი უჯრედისთვის გავიმეტოთ მხოლოდ 30 გრამი წყალი კილოგრამზე, ჩვენ მასთან ხომ უფრო მეტი მოთხოვნები გვაქვს, გვინდა ჯანსაღი კანი, ჯანსაღი თმა, დახვეწილი ფორმები და სხვა მრავალი ….მრავალი…
ამიტომ მინდა ყველას გააზრებულად გვიყვარდეს ჩვენი სხეულის ყოველი უჯრედი და ვცემდეთ პატივს მის სურვილებს, ყოველი ჩვენგანი ხომ უნიკალური და განუმეორებელია ამ სხეულით ამ დროში და აქ.
ნინო ბრეგვაძე