ცხოვრებისეული წესი № 1
წესი № 1. თხოვნა
რატომ არ სთხოვთ მამაკაცს არაფერს? იქნებ იმიტომ რომ უარის გეშინიათ?
მოდით, გავიხსენოთ, რით განსხვავდება თხოვნა მოთხოვნისგან? თხოვნა გულისხმობს არჩევანს. თხოვნის დროს, უარი გასათვალისწინებელი პასუხია და მას აქვს ლეგიტიმური არსებობის უფლება.
დარწმუნებული ხართ რომ ითხოვთ და არა მოითხოვთ? მშვიდად იღებთ უარს? არ ინახავთ გულში წყენას და თავს დამცირებულად არ გრძნობთ? პასუხის მოლოდინში ისე უყურებთ, რომ არჩევანის თავისუფლებას უტოვებთ?
რა ხდება მას შემდეგ, როდესაც კაცს არჩევანის საშუალებას არ აძლევთ? არსებობს ორი ვერსია: პირველ ვარიანტში, ის იცავს მამაკაცურ ღირსებას და სანამ თხოვნას დაასრულებთ, მანამდე ამბობს – „არას“, მხოლოდ მისთვის ხელმისაწვდომი ფორმით. შემდეგ, თქვენ დემონსტრაციულად ნაწყენდებით და პასუხობთ ჩუმი ზიზღით, ურთიერთობაში ეტაპობრივად ავითარებთ გაუცხოების გრძნობას. მეორე ვარიანტში, იგი თანახმაა მოირგოს მეორეხარისხოვანი როლი თქვენს წყვილში და შემდეგ გულდაგულ ძერწავთ მისგან მორჩილ დამარცხებულს, რომელსაც სახლიდან ნორმალურად ნაგვის გატანაც კი არ შეუძლია.
პირველ და მეორე შემთხვევაშიც, თქვენ გამარჯვებული ხართ! თქვენ სულ იმარჯვებთ ქალბატონო!
გინდათ კი ასეთი გამარჯვება? თუ არა, გაიხსენეთ რომ ქალი სიმსუბუქეა, და თუ ისწავლით, მსუბუქად როგორ მიიღოთ უარი, დაინახავთ რამდენად ხშირად გიპასუხეთს მამაკაცი თანხმობით.
მეორე მიზეზი, რის გამოც თხოვნა არ გამოგდით ისაა, რომ არ გსურთ სუსტი გამოჩნდეთ. ჩვენს საზოგადოებაში, ქალის სისუსტე დიდი ხანია, ნაკლოვანებად ითვლება. თუმცა, ამავე დროს, ნებისმიერ მამაკაცს სურს იყოს ძლიერი. როგორ უნდა იგრძნოს მან ეს თქვენზე მფარველობის, დაცვის, უზრუნველყოფის გარეშე? რატომ არ აძლევთ მამაკაცს უფლებას იყოს მეფე, თქვენ კი დედოფალი და მიიღოთ მისგან დიდებული საჩუქრები?
მესამე მიზეზი ისაა რომ ელით, როდის მიხვდება მამაკაცი რა გსურთ თქვენ. დაიმახსოვრეთ: მამაკაცის ფსიქიკა განსხვავებულადაა მოწყობილი. და იმის მოლოდინი, რომ რასაც თქვენ აკეთებთ მისთვის, მანაც იგივე უნდა გააკეთოს, უსაფუძვლოა. ის მეფეა, რომელიც ცდილობს გამოავლინოს თავისი მეფური დიდსულოვნება და არა მოახლე, რომელიც გაფაციცებული გაკვირდებათ რას და როდის მოისურვებთ რომ შეგისრულოთ. აღიარეთ, რომ ასეთი ლაქიის ყოლა არც თქვენ მოგეწონებოდათ. არადა, მხოლოდ ქალს შეუძლია მამაკაცისგან შექმნას მეფეც და ლაქიაც.
რჩევა № 1. თუ გეუხერხულებათ სთხოვოთ მამაკაცს მნიშვნელოვანი რამ, ჯერ სთხოვეთ ის, რასაც ისედაც აკეთებს თქვენთვის: მოგიდუღოთ ყავა, შეამოწმოს ჩამრთველი მანქანაში, წაიყვანოს ბავშვი საბავშვო ბაღში … თქვენ დაინახავთ, როგორ შეიცვლება მისი პოზა, რა სიამაყე აღებეჭდება სახეზე, როცა თქვენგან იმ თხოვნას მოისმენს, რომელზეც უკვე აქვს დადებითი პასუხი. თქვენთვისაც სასარგებლოა ასეთი პრაქტიკა: დაინახავთ რამდენ რამეს აკეთებს ის თქვენთვის.
რჩევა № 2. თუ სთხოვთ მამაკაცს და უარს იღებთ, უპასუხეთ მას მარტივად, შეურაცხყოფისა და დამცირების გარეშე. იპოვნეთ მადლიერება საკუთარ გულში, ის ხომ სხვა ბევრ რამეს აკეთებს თქვენთვის. როდესაც უარის სწორად აღქმას და მიღებას ისწავლით, ნახავთ, თუ რამდენად ხშირად გიპასუხებს მამაკაცი თანხმობით.
რჩევა №3. არ სთხოვოთ კითხვის სახით: – „ყავას მომიდუღებ?“, უბრალოდ უთხარით: „თუ შეგიძლია ყავა მომიდუღე, ძვირფასო“. თქვენი ქალური თავმოყვარეობა ამით არ შეილახება. მამაკაცისთვის კი ორმაგად სასიამოვნო იქნება ის ფაქტი რომ, მისი ქალი ენდობა მას, სთხოვს და კითხვების დასმით ეჭვი არ შეაქვს მის შესაძლებლობებში.