ცხოვრებისეული სამი წესი:
წესი № 1. თხოვნა
რატომ არ სთხოვთ მამაკაცს არაფერს? იქნებ იმიტომ რომ უარის გეშინიათ?
მოდით, გავიხსენოთ, რით განსხვავდება თხოვნა მოთხოვნისგან? თხოვნა გულისხმობს არჩევანს. თხოვნის დროს, უარი გასათვალისწინებელი პასუხია და მას აქვს ლეგიტიმური არსებობის უფლება.
დარწმუნებული ხართ რომ ითხოვთ და არა მოითხოვთ? მშვიდად იღებთ უარს? არ ინახავთ გულში წყენას და თავს დამცირებულად არ გრძნობთ? პასუხის მოლოდინში ისე უყურებთ, რომ არჩევანის თავისუფლებას უტოვებთ?
რა ხდება მას შემდეგ, როდესაც კაცს არჩევანის საშუალებას არ აძლევთ? არსებობს ორი ვერსია: პირველ ვარიანტში, ის იცავს მამაკაცურ ღირსებას და სანამ თხოვნას დაასრულებთ, მანამდე ამბობს – „არას“, მხოლოდ მისთვის ხელმისაწვდომი ფორმით. შემდეგ, თქვენ დემონსტრაციულად ნაწყენდებით და პასუხობთ ჩუმი ზიზღით, ურთიერთობაში ეტაპობრივად ავითარებთ გაუცხოების გრძნობას. მეორე ვარიანტში, იგი თანახმაა მოირგოს მეორეხარისხოვანი როლი თქვენს წყვილში და შემდეგ გულდაგულ ძერწავთ მისგან მორჩილ დამარცხებულს, რომელსაც სახლიდან ნორმალურად ნაგვის გატანაც კი არ შეუძლია.
პირველ და მეორე შემთხვევაშიც, თქვენ გამარჯვებული ხართ! თქვენ სულ იმარჯვებთ ქალბატონო!
გინდათ კი ასეთი გამარჯვება? თუ არა, გაიხსენეთ რომ ქალი სიმსუბუქეა, და თუ ისწავლით, მსუბუქად როგორ მიიღოთ უარი, დაინახავთ რამდენად ხშირად გიპასუხეთს მამაკაცი თანხმობით.
მეორე მიზეზი, რის გამოც თხოვნა არ გამოგდით ისაა, რომ არ გსურთ სუსტი გამოჩნდეთ. ჩვენს საზოგადოებაში, ქალის სისუსტე დიდი ხანია, ნაკლოვანებად ითვლება. თუმცა, ამავე დროს, ნებისმიერ მამაკაცს სურს იყოს ძლიერი. როგორ უნდა იგრძნოს მან ეს თქვენზე მფარველობის, დაცვის, უზრუნველყოფის გარეშე? რატომ არ აძლევთ მამაკაცს უფლებას იყოს მეფე, თქვენ კი დედოფალი და მიიღოთ მისგან დიდებული საჩუქრები?
მესამე მიზეზი ისაა რომ ელით, როდის მიხვდება მამაკაცი რა გსურთ თქვენ. დაიმახსოვრეთ: მამაკაცის ფსიქიკა განსხვავებულადაა მოწყობილი. და იმის მოლოდინი, რომ რასაც თქვენ აკეთებთ მისთვის, მანაც იგივე უნდა გააკეთოს, უსაფუძვლოა. ის მეფეა, რომელიც ცდილობს გამოავლინოს თავისი მეფური დიდსულოვნება და არა მოახლე, რომელიც გაფაციცებული გაკვირდებათ რას და როდის მოისურვებთ რომ შეგისრულოთ. აღიარეთ, რომ ასეთი ლაქიის ყოლა არც თქვენ მოგეწონებოდათ. არადა, მხოლოდ ქალს შეუძლია მამაკაცისგან შექმნას მეფეც და ლაქიაც.
რჩევა № 1. თუ გეუხერხულებათ სთხოვოთ მამაკაცს მნიშვნელოვანი რამ, ჯერ სთხოვეთ ის, რასაც ისედაც აკეთებს თქვენთვის: მოგიდუღოთ ყავა, შეამოწმოს ჩამრთველი მანქანაში, წაიყვანოს ბავშვი საბავშვო ბაღში … თქვენ დაინახავთ, როგორ შეიცვლება მისი პოზა, რა სიამაყე აღებეჭდება სახეზე, როცა თქვენგან იმ თხოვნას მოისმენს, რომელზეც უკვე აქვს დადებითი პასუხი. თქვენთვისაც სასარგებლოა ასეთი პრაქტიკა: დაინახავთ რამდენ რამეს აკეთებს ის თქვენთვის.
რჩევა № 2. თუ სთხოვთ მამაკაცს და უარს იღებთ, უპასუხეთ მას მარტივად, შეურაცხყოფისა და დამცირების გარეშე. იპოვნეთ მადლიერება საკუთარ გულში, ის ხომ სხვა ბევრ რამეს აკეთებს თქვენთვის. როდესაც უარის სწორად აღქმას და მიღებას ისწავლით, ნახავთ, თუ რამდენად ხშირად გიპასუხებს მამაკაცი თანხმობით.
რჩევა №3. არ სთხოვოთ კითხვის სახით: – „ყავას მომიდუღებ?“, უბრალოდ უთხარით: „თუ შეგიძლია ყავა მომიდუღე, ძვირფასო“. თქვენი ქალური თავმოყვარეობა ამით არ შეილახება. მამაკაცისთვის კი ორმაგად სასიამოვნო იქნება ის ფაქტი რომ, მისი ქალი ენდობა მას, სთხოვს და კითხვების დასმით ეჭვი არ შეაქვს მის შესაძლებლობებში.
წესი №2. მადლიერება
მადლიერება – წრფელი, გულმართალი – ეს არის ენერგიის უძლიერესი მუხტი, რომელსაც თქვენ უგზავნით მამაკაცს. ძალიან ხშირად, ქალი პარტნიორს ვალდებულად თვლის და უემოციოდ იღებს მის მოწადინებას. არადა, კაცისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მოისმინოს მადლიერი სიტყვები თითოეული საქციელისთვის. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენთვის ყოველი ახალი კაბის მოზომვისას მისი აღტაცებული კომენტარი. ეს თქვენ ფიქრობთ რომ მამაკაცი გებღაუჭებათ, სინამდვილეში, მას თავისუფლად შეუძლია იცხოვროს ბერბიჭულად და ერთხელაც არ დაფიქრდეს იმაზე, წვეთავს თუ არა ონკანი. დიახ, რასაც ის სახლში აკეთებს, აკეთებს თქვენთვის და თქვენი კმაყოფილი სახის დანახვა მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოქროთი სავსე ზანდუკი, რომელიც ისევ და ისევ თქვენი ბედნიერებისთვის სჭირდება.
რჩევა №1. ქალბატონებო! თქვენი მთავარი ამოცანაა თქვათ მადლობა ყველაფერ იმისთვის რაც გაქვთ. და თქვენი მხრიდან, ეს მადლობა, უნდა იყოს წრფელი, გულიდან ამოსული, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ის ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა. დაიმახსოვრეთ: არავინ არავის მიმართ ვალდებული არ არის! ჩვენ, ამ ქვეყნად, იმიტომ მოვდივართ და ვხვდებით ერთმანეთს, რომ განვვითარდეთ, მივიღოთ ცხოვრებისგან გაკვეთილები და ურთიერთობაში დავხვეწოთ საკუთარი ქალურობა თუ ვაჟკაცობა.
რჩევა №2. რვეულის მარცხენა ნაწილში, ყოველდღიურად ჩამოწერე რატომ და ვისი მადლიერი ხარ, მარჯვენა მხარეს კი დაწერე, ვინ და რატომ გინდა გითხრას მადლობა. დაწერე აწმყო დროში, როგორც რეალური ფაქტი და არა სურვილი.
წესი №3. შექება
ყველაფერი, რასაც მამაკაცი აკეთებს, აკეთებს თქვენი კეთილგანწყობის და აღიარების მოსაპოვებლად. ის, მუდმივად უნდა ხედავდეს თქვენს მოღიმარ სახეს. თუ არა, საკუთარ თავს ადანაშაულებს. ე.ი. რაღაც არ გააკეთა, რაღაც ვერ შეძლო, რაღაც არ გამოუვიდა. ანუ, ღირსეული მამაკაცი არაა…
როდესაც ქალი აქებს მამაკაცს, მისი მხრიდან არა მხოლოდ ყურადღებას და ახალ საჩუქრებს იღებს ავანსად, არამედ მამაკაცურ მადლიერებას უმაღლებს. მამაკაცები ასე არიან მოწყობილი: რასაც აკეთებენ, აკეთებენ თქვენთვის. როგორ გამოიყურებით, სად ისვენებთ, რა გაცვიათ საზოგადოების თვალში, მამაკაცის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე მეტყველებს. რაც უფრო მდიდრულია ქალის ქურქი და ძვირადღირებული მანქანა, მით უფრო მასკულინურია თვითონ. მამაკაცის ცხოვრების ძირითადი მიზანია თქვენი ბედნიერებით და კმაყოფილებით აჩვენოს სხვებს, რომ ის ალფა- ხვადია. ის შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას, დააკმაყოფილოს და უზრუნველყოს საკუთარი პარტნიორი.
ის მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს მამაკაცად, როცა კმაყოფილს გხედავთ. თქვენი ყოველი აღფრთოვანების შეძახილი და ბედნიერებით გაცისკროვნებული ღიმილი, მის სამონადირეო არსენალში ახალ-ახალი ნადავლია. და თუ თქვენ, ყოველდღიურად მისცემთ მას ამ დადებითი ემოციების მონადირების საშუალებას, არასდროს გაუჩნდება სხვაგან ნადირობის სურვილი.
გახსოვდეთ! მხოლოდ თქვენ გძალუძთ გულწრფელი შექებით აიყვანოთ მამაკაცი პედესტალზე და თქვენვე ამოსვაროთ ლაფში ირონიით, გულგრილობით და დაუდევრობით.
რჩევა №1. შეაქეთ მამაკაცი მხოლოდ მისი მიღწევებისთვის. გახსოვდეთ! მხოლოდ ქალს აქებენ იმისთვის, როგორიც არის. კაცი თავისი საქციელით ფასდება
რჩევა №2. შეაქეთ გულწრფელად. თუ არ გსურთ უხვსიტყვაობა, კისერზე შეამოჭდეთ ხელები და სიყვარულით სავსე მზერით ჩახედეთ თვალებში. მთავარი ემოციებია.