მიანიჭეთ საკუთარ თავს თავისუფლება
დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენთაგანისთვის აუცილებელია როგორც სიყვარული, ასევე თავისუფლება. თავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, მიღწევადია საკუთარ თავთან შინაგან თავისუფლებაში. და როცა ადამიანს ეს თავისუფლება არ აქვს, ვერც სხვას ვერ მიანიჭებს თავისუფლების განცდის საშუალებას.
ალბათ ოდესმე გქონიათ გულსა და გონებას შორის ჭიდილი, როცა გული სხვა რაღაცას გეუბნება და გონება სხვა რაღაცას, როცა გრძნობები იბრძვიან გამოსახატად, ხოლო აზრები ეწინააღმდეგებიან მათ. და ასე უსასრულოდ გრძელდება… ადამიანი ამ დროს საკუთარ თავთან ბრძოლაშია და ვეღარ გაუგია რეალურად რა უნდა. თუ მხოლოდ გულსა და გრძნობებს უჯერებს და ვერ ღებულობს სასურველ შედეგს, აზრები და გონება მუდმივად ახსენებენ თავს „აი, მე რომ არ დამიჯერე იმიტომ მოხდა!“. ხოლო თუ მხოლოდ აზრებსა და გონებას უჯერებს ადამიანი და ანალოგიურად არასასურველ შედეგს იღებს, მაშინ გული და გრძნობები საყვედურობენ „გული მიგრძნობდა, რომ ასე მოხდებოდა!“. ხანდახან ადამიანი ამ ბრძოლაში მთელ თავის ცხოვრებას ატარებს. თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ქართული ანდაზაა: „ცოცხალ დამიანს ყველაფერი ეშველება“.
გამოსავალი საკუთარი თავისთვის თავისუფლების მინიჭებაა. მიეცით თქვენს გულსა და გრძნობებს თავისუფლება. მიეცით უფლება გულს თქვას თავისი „სათქმელი“ და გრძნობებს მიეცით თავისუფლად დინების საშუალება და ადგილი თქვენს ცხოვრებაში. უთხარით თქვენს გონებასა და აზრებს რომ მათი გესმით და აღიარებთ. ნუ დაუპირისპირებთ ერთმანეთს, მიეცით გულსა და გონებას, გრძნობებსა და აზრებს ერთმანეთთან მშვიდად საუბრის საშუალება. ამ დროს ადამიანი დამკვირვებლის პოზიციაში გადადის და უკვირდება საკუთარ გრძნობებსა და აზრებს, აძლევს მათ თავისუფლებას, უტოვებს არჩევანის საშუალებას, რომ ერთმანეთთან „მშვიდი დიალოგი“ გამართონ. ასე ისინი გამოხატავენ თავიანთ სურვილებს და დიალოგის შედეგად, ასე ვთქვათ, „შერიგდებიან“ და აღარ იბრძოლებენ ერთმანეთის წინააღმდეგ. შედეგიც არ დააყოვნებს, თავისუფლების შეგრძნებით დამშვიდდებიან ისინიც და ადამიანიც იგრძნობს შინაგან თავისუფლებას და დამშვიდდება.
ყოველთვის გამოხატეთ ის, რასაც გრძნობთ, ყოველთვის თქვით, ის რისი თქმაც გინდათ. მნიშვნელოვანია იცოდეთ და დაიცვათ ზომიერება: ვისთან, სად,როდის, როგორ და რა დოზით გამოხატოთ თქვენი გრძნობა თუ სათქმელი, ემოცია და აზრი. წინასწარ დაფიქრდით და განსაზღვრეთ, თუ რა შედეგის მომტანი იქნება თქვენი ქმედება. ამით საკუთარ თავსაც დაიცავთ და გარშემომყოფებსაც.
გააცანით თქვენს გულსა და გონებას ერთმანეთი, გაიცანით თქვენი თავი უკეთ და ამით მოიპოვეთ თავისუფლება. და სამყაროც უკეთ გაგიცნობთ თქვენ და მოგანიჭებთ თავისუფლებას.
დიდი სიყვარულით ლელა აფრიამაშვილი