გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვერ ვიმორჩილებთ ადამიანები?
დავაფასოთ დრო…
გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვერ ვიმორჩილებთ ადამიანები?
ჩვენს მრავალფეროვან სამყაროში დრო ერთადერთია, რაც გვმართავს და ჩვენს დაუკითხავად მიედინება, თანაც მხოლოდ ერთი მიმართულებით – დასაწყისიდან დასასრულამდე. ნუ შეხედავთ ამას სკეპტიკურად, პირიქით, გაითავისეთ , რომ უნდა გავეკიდოთ მას, ფეხი ავუწყოთ და ისე მოვექცეთ, რომ ჩვენს წისქვილზე დაასხას წყალი.
ვფიქრობ, სწორედ ახლა, ამ მოცემულობაში უფრო მეტი სიხშირით გაიგონებდით ფრაზას : „ აღარ ვიცი დრო როგორ მოვკლა“. არამც და არამც მეგობრებო! მოვკლათ კი არა, სული უნდა შთავბეროთ და ჩვენში ვაცოცხლოთ, სხვაგვარად დროს კი არ მოვკლავთ, თავად მოგვკლავს იგი!
დრო ან კეთილია, ან ვერაგი, მაგრამ ძალიან სამართლიანი. იცის , როგორ ვექცევით მას. თუ დროს აბუჩად აიგდებთ და სათანადოდ არ დააფასებთ მის ძალას, მერწმუნეთ, ამით მხოლოდ თქვენ დარჩებით წაგებული და ძალიან გვიან იქნება, როდესაც გააცნობიერებთ, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩაიარა. თითოეული წუთი კი არა, წამის მეათასედი უნდა აღვიქვათ. დაგეგმეთ, გაზომეთ და გამოიყენეთ ის.
შევთანხმდით იმაზე, რომ დროს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ ხომ შეგვიძლია მისი დაგეგმვა და გამოყენება ჩვენი განვითარებისათვის?! ალბათ ხშირად გვსმენია ფრაზა : „ დრო ფულია“ – ასეა, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით, რადგან მისი ზუსტი ღირებულება არავინ იცის. იგი უკვდავია და ყველა ღირებულებაზე აღმატებული.
მინდა მოვიშველიო ბენჟამინ ფრანკლინის სიტყვები – „ შენ შეგიძლია გადადო, მაგრამ დროს – არა.“ რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, არასოდეს გადადოთ ის საქმე სამომავლოდ, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ. დროის გონივრულად გამოყენება არის იმ იდუმალი სკივრის გასაღები, სადაც წარმატება იმალება.
დრო ჯილდოა… დავიმსახუროთ იგი!
ლია ჭელიძე