რატომ არის ბედნიერება ადამიანისთვის ასე სასიცხლოდ მნიშვნელოვანი?
რა არის ბედნიერება?
– ამ კითხვაზე პასუხი ყველა ადამიანს განსხვავებული ექნება, რადგან ის დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის წარმოსახვით უნართან, მის წარსულ გამოცდილებასთან, მის მოლოდინებთან და ფიქრებში საუკეთესოდ მიჩნეულ სიტუაციებთან.
– ბედნიერების თემა ყოველთვის აქტუალური იყო საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ არისტოტელე მიიჩნევდა, რომ ადამიანის ნებისმიერი ქმედება მიმართულია ბედნიერების მოპოვებისკენ.
თუმცა, ბედნიერების თემას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა უკანასკნელ პერიოდში, რადგან თანამედრვე ტექნოლოგიების განვითარებამ დაგვაშორა გარე სამყაროს, გაიზარდა ქსელებზე დამოკიდებულება, შემცირდა რეალური ურთიერთორბები, (ბედნიერების ერთ-ერთ საფუძველს კი სწორედ რეალური ურთიერთობები წარმოადგენს) ასევე, გახშირდა დეპრესია, რომელიც მსოფლიო მაშტაბით ერთგვარ ეპიდემიადაც კი იქცა.
რა ახდენს გავლენას ბედნიერებაზე?
– ბედნიერების განმსაზღვრელი უამრავი ფაქტორი არსებობს, თუმცა ვეთანხმები ამერიკელ ფსიქოლოგს – სონია ლიუბომირსკს, მისი აზრით ბედნიერებას სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს, ესენია:
გენეტიკა;
ცხოვრებისეული მოვლენები და სიტუაცია;
მაგ: ადამიანი მდიდარია თუ ღარიბი, როგორია მისი ჯანმრთელობა, ლამაზია თუ არა, როგორია მისი სოციალური სტატუსი.
განზრახული ქმედებები; ანუ ადამიანის ბედნიერებას მისივე საქციელი განსაზღვრავს, ერთგვარი სინდისი, რამდენად “სუფთა” გაქვს.
ასევე, პოზიტიური მოვლენები: ახალი სახლი, ახალი სამსახური, იღბლიანი ქორწინება; ეს ყველაფერი ხანმოკლე აღმავლობას იწვევს ბედნიერების შკალაზე. ადამიანი მალევე ეგუება სიახლეს და უბრუნდება ბედნიერების მისთვის ჩვეულ მაჩვენებელს.
რა გვჭირდება ბედნიერებისთვის?
– ბედნიერებას სჭირდება შემჩნევა, ხშირად ადამინები შეცდომას უშვებენ ყოველდღიურ ყოფაში ივიწყებენ დეტალებით ტკბობას, ორიენტირებულნი არიან რთულად მისაღწევ მიზნებზე, და ფიქრობენ, რომ მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის შემდეგ იქნებიან ბედნიერები, მუდამ შფოთავენ და უკმაყოფილოები არიან, სწორედ აქ ცდებიან, ბედნიერება ისაა, შენს მიზნამდე ერთი ნაბიჯით ახლოს, რომ დადგები, ამ გზაზე რა ემოციებს განიცდი, როგორ იზრდები, სწორედ ამ ცხოვრების მოვლენებისგან უნდა მიიღო სიამოვნება, თუ მცირე მოვლენებით ტკბობა ვერ ისწავლე, ვერც იმ მთავარ ბედნიერებას დააფასებ.
– ბედნიერებისთვის აუცილებელი წინაპირობებია: ადეკვატური ძილი, ფიზიკური ვარჯიში, ჯანმრთელობა, მადლიერების გამოხატვა, რეალიზება სოციალურ ჯგუფებში, მიმტევებლობა, სტრესის მართვა და მიზნების დასახვა.
არის თუ არა ბედნიერება დაკავშირებული მატერიალურ კეთილდღეობასთან?
– ბედნიერება, რომ მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობასთან იყოს დაკავშირებული, მსოფლიოს არ ეყოლებოდა არცერთი მილიონერი, რომელმაც სევდიასგან თავი მოიკლა.
და მაინც, სად ვიპოვოთ ბედნიერება?
– ხშირად ბავშვებს ჩააგონებენ, იმისთვის რომ იყო ბედნიერი, უნდა აიღო წითელი დიპლომი, იყო წარმატებული, ცნობილი, გქონდეს კარგი სამსახური, სახლი, მანქანა და მხოლოდ ამის შემდეგ გაქვს უფლება იყო ბედნიერი.
ანუ ადამიანი მთელ თავის ცხოვრებას ხარჯავს იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი, მაგრამ ვერადავერ პოულობს მას. რატომ ? იმიტომ რომ მას თავიდანვე არასწორი წარმოდგენა შეუქმნეს ბედნიერებაზე. ბედნიერება არ არის დამოკიდებული არც ფულზე, არც წარმატებაზე, არც დიპლმზე, ბედნიერება უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში და საკუთარ გულში.
რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ბედნიერებისთვის?
– მაგალითი უნდა ავიღოთ ბავშვებისგან, ისინი ბედნიერებას კონკრეტულ სიტუაციებში ხედავენ, მაგ: ზოგი ბავშვისთვის ბედნიერებაა დედასთან ყოფნა ან ძაღლთან თამაში, ანუ ისინი პატარ-პატარა სიტუაციებში ხედავენ ბედნიერებას. სწორედ ასეთი მიდგომა გვჭირდება ჩვენც.
დიდ შეცდომას ვუშვებთ ადამინები, როდესაც წარსულში ვიყურებით – რა ბედნიერები ვიყავით, ან მომავალში ვიყურებით, რაიმე მიზანს რო მივაღწევ მერე ვიქნები ბედნიერი.
დააფასეთ ყოველი წამი, მიმოიხედე ირგვლივ და იპოვე ის წვრილმანი, რაც გაგაღიმებს, ეცადეთ სიამოვნებით აკეთოთ ის საქმე, ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც თქვენს მიზნამდე მიგიყვანთ, გამოხატეთ მადლიერება, თუნდაც წვრილმანებში, დააფასეთ რაც გაქვთ, მიუტევეთ ადამინებს, რომ გულიდან მოიშოროთ ზედმეტი ტვირთი, ისევ თქვენთვის გააკეთეთ ეს!
და ბოლოს, ბედნიერება ეძებეთ საკუთარ გულში, თუ იქ ვერ იპოვეთ ვერსად ვერ იპოვით!
პერსონალური ქოუჩი: მარიამ პატარაია