ძალიან ცდებით თუ ასეთი მიდგომა გაქვთ თქვენი მეუღლის მიმართ!
- კატეგორია ფსიქოლოგია
- თარიღი სექტემბერი 22, 2020
ძალიან ცდებით თუ ასეთი მიდგომა გაქვთ თქვენი მეუღლის მიმართ!
რამოდენიმე დღის წინ, ჩემმა ნაცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა ასეთი ფრაზა გააჟღერა – ‘’ცოლს რომ მოვიყვან, ტვინი რომ არ გაღუნოს 4 ბავშვს გავაჩენინებო.’’ ამ ფრაზის მოსმენა ძალიან არ მესიამოვნა, ამ ფრაზაში სრულად ჩანს არაჯანსაღი, ბატონ-ყმური და გამომყენებლური მიდგომა ქალისადმი, რაც სამწუხაროდ წინა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი იყო ჩვენი პატრიარქალური საზოგადოებისათვის და ოცდამეერთე საუკუნეში როგორც გადმონაშთი, ისე მოყვება თანამედროვე მამაკაცების აზროვნებას.
მივუტრიალდი და ვკითხე, როგორ წარმოგიდგენია ქალი ასეთი არჩევანის უფლების არ მქონე არსებად? რომელსაც უბრძანეს რაღაც და გარკვეული მანიპულაციები ჩაუტარეს და მორჩა ის ერთმანეთის მიყოლებით აჩენს 4 შვილს, ეს როგორ წარმოგიდგენია? რას ნიშნავს შენთვის ეს ან რას გაძლევს ეს შენ გარდა გამრავლებისა? როგორც პიროვნებას, როგორც მამაკაცს? როგორც საზოგადოების წევს? საერთოდ რას ნიშნავს ‘’ტვინი თუ ძალიან გაღუნა?’’ და ქალს, როგორ უნდა გააჩენინო ძალით 4 ბავშვი?
ამ ადამიანს ჩემთვის პასუხი აღარ გაუცია, ალბათ იმიტომ რომ ჩაფიქრდა თავისი სიტყვების ზედაპირულობაზე და იმედია დავაფიქრე რისთვის უნდა საერთოდ ასეთი მეუღლე, ოჯახი, თავის ცხოვრებაში რა ფუნქციას შეასრულებს. ან უნდა კი
შესაბამისად, ამავე კითხვით მივმართავ ყველა თანამედროვე მამაკაცს, მითუმეტეს მათ, ვინც დასაოჯახებელია. ვინც დგას ამ არჩევანის წინაშე და ვისაც გარკვეული წარმოდგენა აქვს თუ როგორი უნდა იყოს მისი ოჯახი, მისი მეუღლე. რა ფუნქცია და რა როლი უნდა შეასრულოს ამ მეუღლემ მის ცხოვრებაში.
ქართველები მცირერიცხოვანი ერი ვართ და რაც უფრო მეტ ადამიანს ექნება სურვილი შექმნას ოჯახი და ჰყავდეს ორზე მეტი შვილი, ეს ძალიან მისასალმებელია უდაოდ. მაგრამ პირველ რიგში ეს უნდა იყოს ორივე მეუღლის სურვილი, თავისუფალი არჩევანი, კეთილი ნება და ორივე ადამიანის ოცნებაც კი და მე ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც მრავალშვილიან ოჯახზე ოცნებობენ.
მეორეს მხრივ აუცილებლად უნდა იყოს ურთიერთ პატივისცემა, სიყვარული ურთიერთგაგება, ერთიმეორის ხელის შეწყობა თანადგომა და განსაკუთრებით პასუხისმგებლობა ოჯახის და შვილების წინაშე. და რაც ყველაზე უმთავრესია ჯანსაღი ფსიქიკის შვილების აღსაზრდელად – ეს არის კლიმატი ოჯახში და მშობლების ურთიერთდამოკიდებულება ერთმანეთთან. როდესაც შვილებს აქვთ ურთიერთპატივისცმის, ურთიერთანადგომის და სიყვარულის
მაგალითი, დამერწმუნეთ ასეთ ოჯახში აღზრდილ ბავშვს არ მოუვა თავში აზრად ამ ფრაზის გაჟღერებაც კი ‘’თუ ცოლმა ტვინი გაღუნა და 4 ბავშვი გავაჩენინო.’’
აშკარაა რომ რამდენად არასასიამოვნო, რაოდენ არაჯანსაღი და დამაკნინებელია ასეთ მიდგომა მეორე ნახევრის მიმართ.
როგორ გგონიათ ვინ არის ცოლი მამაკაცისათვის? ადამიანი რომელიც საოჯახო საქმეებს ასრულებს, დამლაგებლის როლს, პლიუს ბავშვების ინკუპატორი? ძალიან ცდებით თუ ასეთი მიდგომა გაქვთ თქვენი მეუღლის მიმართ! იმიტომ რომ ნათქვამია: ქალს რასაც მისცემ, იმას გაგიასმაგებს და ისე დაგიბრუნებსო.
სამწუხაროდ, თანამედროვე პირობებშიც კი ბევრი გოგონაა აღზრდილი ამ პარადიგმაში და მსოფლმხედველობით რომ შენ არავინ არ ხარ, ხარ უბრალოდ დამლაგებელი, სახლი იყოს სუფთად და საკვები იყოს მომზადებული, და შენ ხარ ბავშვების საჩეკი აპარატი. მეტი ფუნქცია შენ არ გაქვს, მეტი არაფერი მოგეკითხება და მეტი ნურც ნურაფერზე გექნება პრეტენზია
თანამედროვე ქალებს, თუნდაც ამდაგვარ ოჯახში გაზრდილებს ასეთი მიდგომის მიმართ არამც თუ მიმღებლობა, არამედ დიდი პრეტენზია და ძალიან დიდი ანტაგონიზმი აქვთ. თანამდეროვე ქალს შეუძლია იყოს დედაც, კარგი დიასახლისიც, მაგრამ ამავე დროს მას ეს ორი როლი არ აკმაყოფილედბეს და იყოს სრულფასოვანი პარტნიორი, თანამებრძოლი, მუზა, ვნების ობიექტი და საყვარელი თავისი მეუღლისათვის და შექმნას სრული ჰარმონიული ურთიერთობები. და არა ისეთი, რომ კაცი თავის მეუღლეს ბავშვებს აჩენინებს, იქეთ საყვარელი ყავს, ვიღაცასთან კიდევ მაღალ მატერიებზე საუბრობს …. და ა.შ.
მოინდომენთ ძვირფასო მამაკაცებო, იპოვეთ ეს ყველაფერი ერთ ქალში, მიეცით თქვენს საყვარელ ქალს საშუალება გახდეს ასეთი ქალი. ეს გაცილებით უფრო ენერგოდამზოგველი გზაა, ვიდრე ათასნარი სხვადასხვა ქალის დევნა. არც თქვენ იქნებით გაორებული და გახლეჩილი და თქვენს გვერდით მყოფი ქალიც დაგიფასებთ ამ პატივისცემას და გაასმაგებული პატივისცემით და ბონუსების სახით დაგიბრუნებთ.
ეს თემა ბოლოს მინდა ასეთი იგავ არაკით დავასრულო – იგავი 9 ძროხაზე, რომელიც ასე ჟღერს:
ორი მეზღვაური მოგზაურობის დროს მოხვდა ერთ-ერთ უცხო ქვეყანაში, მშვენიერ კუნძულზე. გადავიდნენ და გაისეირნეს ქალაქში რომ ადგილობრივი მოსახლეობა და იქაური კულტურა და სილამაზე დაეთვალიერებინათ.
ერთ-ერთმა მეზღვაურმა ეზოში დაინახა რამოდენიმე ქალწული. ისინი აშკარად დები იყვნენ. ორი უფროსი და გაცილებით უფრო ლამაზი, მოხდენილი დახვეწილი და მშვენიერი იყო ვიდრე მესამე და.
მიუხედავად ამისა ერთ-ერთ მეზღვაურს სწორედ ეს მესამე და მოეწონა და აღფრთოვანდა მისით, ერთი ნახვით შეუყვარდა და თქვა რომ: – მე აქ ვრჩები, მე ეს ქალი უნდა მოვიყვანო ცოლად და მასთან ოჯახი უნდა შევქმნაო. როდესაც მეორე მეზღვაურმა გაიგო თუ რომელ ქალწულზე შეაჩერა არჩევანი მისმა მეგობარმა, არჩევანი დაიწუნა დაუთხრა: – არა უყურე, ის ორი უფროსი უფრო ლამაზი და მშვენიერი არის, ვიდრე უმცროსი და. თუმცაღა მეზღვაურმა თავისი პირვანდელი არჩევანი არაფრით არ შეცვალა და სწორედ იმ მესამა ქალიშვილიში დაინახა მან ის განუმეორებელი მშვენიერება, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ.
ნელ-ნელა დაიწყო გაცნობის პროცესი, ფლირტი, ადგილობრივი ადათ წესების შესწავლა და მეზღვაურმა გაარკვია რომ ამ ქალაქში საუკეთესო ქალიშვილის ცოლად მოყვანა თუ გინდოდა 9 ძროხა უნდა მიგეყვანა მამამისისთვის.
ამასობაში ერთ-ერთ მეზღვაური ისევ დაბრუნდა თავის გემზე დაუბრუნდა მოგზაურობას. თუმცა, კუნძულზე დარჩენილ მეგობარს დაჰპირდა რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა გარკვეული დროის შემდეგ და მოინახულებდა მეგობარს.
შეყვარებული მეზღვაური კი შეუდგა ძროხების მოძიებას და მოგროვებას. დაიწყო მუშაობა, თანხის დაგროვება, ადგილობრივ მოსახლეობაში მეგობრების და მხარდამჭერების მოძიება. დაიწყო ურთიერთობები თავის რჩეულთან დიდი სიყვარულით და სიამტკბილობით და დადგა ის მშვენიერი დღე როდესაც ეს ბიჭი მივიდა მომავალ სიმამრთან და უთხრა რომ მისი ქალიშვილის ცოლად მოყვანა უნდოდა. ბიჭი სახლში შეიპატიჟეს, მითუმეტეს რომ 9 ძროხით მიადგა ქალიშვილის სათხოვნელად და მამამ იცოდა რომ მისი უფროსი ქალიშვილები მართლაც იყვნენ 9 ძროხაზე შესაფასებელი საუკეთესო საცოლეებიი. მაგრამ მამამ მაინც ჰკითხა ბიჭს ჩემი სამი ქალიშვილიდან რომელი გინდა რომ იყოს თქვენი ცოლი? ალბათ პირველი ან მეორეო, მიუთითა კაცმა თავის უფროს ქალიშვილებზე. ბიჭმა კი უთხრა, მე თქვენი მესამე ქალიშვილი მიყვარს და მე მისი მოყვანა მსურსო. ქალიშვილების მამამ ბიჭის პასუხით ძალიან გაკვირვებული დარჩა, და იფიქრა, ჩემი მესამე ქალიშვილი არ არის ისეთი გარეგნობის და ისეთი მოცემულობის რომ მისთვის 9 ძროხა გადაიხადონ და კვლავ ჰკითხა ბიჭს, აბა დაფიქრი, იქნებ უფროსები გინდათო, მაგრამ ბიჭმა უარი თქვა და უთხრა რომ ჩემთვის ჩემი გულის სწორი 9 ძროხაზე უფრო ფასეულია და ამაზე უფრო მეტსაც გადავიხდიო.
რა თქმა უნდა მამა დათანხმდა და შეიქმნა ოჯახი. რამოდენიმე წლის შემდეგ მეორე მეზღვაური და ამ ბიჭის მეგობარი დაბრუნდა ისევ ამ კუნძულზე და მოუნდა მისი მეგობრის მონახულება, მას აინტერესებდა როგორი იყო მისი ცხოვრება როგორ გაამართლა მისმა არჩევანმა, როგორი ოჯახი შექმნა. და წავიდა ამ ბიჭის მოსაძებნად. როდესაც მას ეძებდა მან გზად დაინახა მშვენიერი პატარა სახლი მოვლილი ეზოთი, რომლის ბაღშიც დედა და ორი შვილი ერთად თამაშობდნენ. იმდენად მშვენიერი იყო ეს სურათი, იმდენად მშვენიერი იყო ენერგია რომელიც ამ ადამიანებიდან და ამ სახლიდან გამოდიოდა, იმდენად ლამაზი და ბედნიერების მატარებელი იყო ის ქალი რომ კაცი გაჩერდა და მათი ცქერით ტკბობა დაიწყო. ცოტანახში როცა გონს მოეგო და მიხვდა რომ ასე სხვისი ოჯახის ცქერა ცოტა უზრდელობაც კი იყო ზუსტად იმ მომენტში გაიღო სახლის კარი და მან დაინახა მისი მეგობარი, ცოტა შეცვლილი, დაკაცებული, უფრო გალამაზებული გამოვიდა გარეთ, მივიდა და ჩაეხუტა ამ ქალს და ბავშვებს და მაშინ მიხვდა მეზღვაური რომ სწორედ ის არც თუ ისე ლამაზი გოგონა იყო ეს მშვენიერი, მოხდენილი, უბედნიერესი ქალი.
აი ასეა, როცა საყვარელ ადამიანს განსაკუთრებით ქალს ექცევი როგორც დედოფალს, უმშვენიერესს და უდიდებულესს არსებას, რომელიც ოდესმე შეგხვედრია, ის რეალურად ხდება ასეთი. და მართლაც შენს გვერდით უმშვენიერესი და მიმზიდველი ქალი ყალიბდება და ხდება. აბა დაფიქრდით მამაკაცებო. ნუთუ ეს არ არის ბედნიერება!?
პატივისცემა, დაფასება, რწმენა, ხელისშეწყობა აუცილებელია ორივე მხრიდან და არ იფიქროთ რომ ეს მხოლოდ მამაკაცებისთვის არის საყურადსაღებო, იგივენაირად ეს ახალგაზრდა ქალებსაც ეკუთვნით. ქალებს, რომლებსაც ოჯახის შექმნის პერიოდი აქვთ.
დააფასეთ თქვენი რჩეულები, შეხედეთ მათ 9 ძროხის თვალით, უმაღლესი შეფასების თვალით. ირწმუნეთ მათი და გაოცდებით მაგრამ სულ მალე გვერდში გეყოლებათ მართლაც აი ასეთი ძვირფასი და დასაფასებელი პიროვნება.
მოამზადა მარიამ შარიქაძემ
შემდეგი ჩანაწერი