ინგა ბლესსი- სტრესის მართვის ხერხები
გაეცანით ჩვენი წევრი PCC ქოუჩის ინგა გოჩელეიშვილის (ბლესსი) ბლოგს სტრესის მართვის ხერხებთან დაკავშირებით
სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი ზეგავლენა ადამიანზე, ტექნოლოგიისა და მეცნიერების განვითარებებასთან ერთად, არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.
დიახ, ჩვენ აღარ გვჭირდება ფიქრი საკვების მოპოვებასა და ფიზიკურ გადარჩენაზე, როგორც ეს ძველად იყო, მაგრამ ახლა გვაღელვებს კარიერა, ეკონომიკა, პოლიტიკა, სოციალური საკითხები, დანაშაულთა რიცხვის ზრდა, ტერორიზმი, პენდემია და უამრავი სხვა რამ.
ყოველდღიურობის წნეხი: იქნება ეს პრობლემები სამსახურში, გაუგებრობა ოჯახში თუ პირად ურთიერთობში, გამოცდები და სხვა გამოწვევები, დაავადებები და ა.შ. – უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა:
შესაძლებელია თუ არა სტრესისგან თავის დაცვა? როგორ გავუმკლავდეთ მას?
გამოსავალი არსებობს! სტრესის პრევენციისათვის მნიშვნელოვანია ადამიანმა განივითაროს და გამოიმუშაოს “სტრესისადმი მდგრადობის” უნარი – სტრესრეზისტენტობა.
“სტრესი” ფრანგული სიტყვაა – estresse და ნიშნავს დათრგუნულობას, დაჩაგრულობას, სტრესოგენული ფაქტორებით გამოწვეულ ფსიქიკურ/ფიზიკური დაძაბულობას.
სტრესის თეორიის ფუძემდებელი კანადელი მკვლევარი ჰანს სელი გახლავთ.
ენდოკრინოლოგმა ჰანს ჰელიმ აღმოაჩინა, რომ ისეთი ფაქტორების ზეგავლენისას, როგორიცაა საფრთხე, შიში, ტკივილი, სიცივე, მაღალი ფიზიკური დატვირთვა, ემოციური დაძაბულობა და ა.შ., ორგანიზმში და ფსიქიკაში აქტიურდება სპეციალური დამცავი მექანიზმები. ეს არ არის მხოლოდ გარე გაღიზიანებაზე პასუხი, არა მხოლოდ თავდაცვის რეაქცია, არამედ სპეციფიკური ფიზიოლოგიური პროცესი – სხეულის რესურსების სრული მობილიზაცია, რაც მოულოდნელ სიტუაციებში ადაპტირების საშუალებას იძლევა. ამაზე იხარჯება უზარმაზარი ფსიქიკური ენერგია, რასაც თან დიდი სტრესი ახლავს.
სტრესისა და მისი მახასიათებლების შესწავლისას ჰანს სელიემ წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმად, ადამიანის სხეული ბერდება იმის გამო, რომ მასზე გავლენას ახდენს მთელი ცხოვრების განმავლობაში გადატანილი სტრესები. ნებისმიერი სტრესი (და განსაკუთრებით ტრავმული) იწვევს სხეულის ქიმიური ბალანსის შეუქცევად ცვლილებებს. ეს მექანიზმები რთავს უჯრედების დაბერების პროცესს და ასევე უარყოფითად მოქმედებს სხეულის სხვადასხვა სისტემებსა და ტვინზე.
მკვლევარი მივიდა ასეთ საბოლოო დასკვნამდე: თუ ადამიანს სურს იყოს ჯანმრთელი და დღეგრძელი, მან აუცილებლად უნდა იზრუნოს სტრესის პროფილაკტიკასა და პრევენციაზე.
სტრესი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დაავადება, და როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, მისი პროფილაკტიკა გაცილებით უფრო უკეთესი და ადვილია, ვიდრე მკურნალობა.
ეფექტური პრევენციის უმთავრესი მეთოდი შესაძლოა ბანალურადაც კი მოგეჩვენოთ, რადგან საუბარია ცხოვრების ჯანსაღ წესზე:
სრულფასოვანი ძილი, ჰობი და დასვენება, სწორი კვება, ფიზიკური დატვირთვა, მასაჟი და წყლის პროცედურები, დადებითი ემოციები, მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებები, ეს არის სტესის პრევენციის ბუნებრივი საშუალებები.
ამ მეთოდებით (უმჯობესია გამოიყენოთ ყველაფერი, რაც აღწერილია), მნიშვნელოვნად შეამცირებთ სტრესის განვითარების რისკს, გახდებით ფიზიკური და ფსიქოლოგიურად მდგრადი, დაიწყებთ მოვლენების უფრო მშვიდად აღქმას და უკეთ გაუმკლავდებით სირთულეებს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ კიდევ რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაცია:
– შეცვალეთ დამოკიდებულება პრობლემებისა და წარუმატებლობის მიმართ.
– ნუ ილაპარაკებთ ნეგატივზე,
– რთული ამოცანები დაყავით მცირე ნაწილებად, რომელთა გადაჭრა ბევრად უფრო ადვილია.
– ნუ გადატვირთავთ თქვენს გრაფიკს,
– განივითარეთ პოზიტიური აზროვნება, მოძებნეთ პოზიტიური მომენტები ყველაფერში, რაც ხდება.
– იმუშავეთ იუმორის გრძნობაზე, ის გაგიმარტივებთ და საინტერესოს გახდის ცხოვრებას.
– ისწავლეთ “გადართვის ტექნიკა” და თქვენი ყურადღების კონტროლი, შეგნებულად გადაიტანეთ ყურადღება ერთიდან საკითხიდან მეორეზე.
– დაეუფლეთ მედიტაციას. არსებობს უამრავი მედიტაციური პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის შესაფერისია და წარმატებით ინტეგრირდება თანამედროვე ცხოვრებაში. მედიტაციის რამდენიმე სესიაც კი დაგეხმარებათ მოიცილოთ შინაგანი დაძაბულობა, დაისვენოთ და დაამშვიდოთ გონება.
რეგულარულად ტარდება სამეცნიერო კვლევები სტრესისადმი მდგრადობის მიმართულებით, რომლებიც აჩვენებს, რომ სტრესრეზისტენტობა ადამიანისთვის ნორმაა და არა რაიმე გამორჩეული უნარი.
სტრესისადმი მდგრადობა არ ნიშნავს, ცხოვრებაში სირთულეებისა და ადამიანში ნეგატიური ემოციების არ არსებობას.
სტრესრეზისტენტობა რამდენიმე ელემენტისგან შედგება. კვლევების თანახმად, მზრუნველი, მოსიყვარულე ურთიერთობების არსებობა არის მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრებაში ადაპტაციის უნარზე. მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ სტრესმდგრადობას:
– ემოციების და იმპულსურობის მართვის უნარი;
– განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
– პრობლემების გადაჭრის უნარი;
– საკუთარი თავის პოზიტიური აღქმა;
– თავდაჯერებულობა და თვითრწმენა;
– დაგეგმვისა და მიზნების მიღწევის უნარი.
სტრესრეზისტენტობის განვითარება არის ხანგრძლივი პროცესი და არა ერთჯერადი აქცია/ქმედება, არამედ მუდმივი მუშაობა საკუთარ თავზე.
ამ პროცესში სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება და მოსინჯვა არის აუცილებელი. მათი ეფექტურობა მხოლოდ პრაქტიკაში შეიძლება დადგინდეს, ვინაიდან რაც ერთისთვის სასარგებლო და შედეგიანი იქნება, სხვისთვის არაფრის მომცემი შეიძლება აღმოჩნდეს.
იზრუნეთ თქვენში სტრესისადმი მდგრადობის გნვითარებაზე, დამოუკიდებლად თუ პროფესიონალის, ქოუჩის ან ფსიქოლოგის დახმარებით!
გვიგულეთ თქვენს სამსახურში
გაეცანით ინგა ბლესსის ონლაინ პროგრამას “სტრესის მართვა”