საკუთარი ფასეულობის შესახებ-ქალებისათვის.
ჩემს ფსიქოთერაპევტულ პრაქტიკაშიც და ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც ძალზედ იშვიათად შემხვედრია საკუთარ თავში ნამდვილად და ბოლომდე დარწმუნებული ქალები.
არსებობენ არა თავდაჯერებულები, არამედ გაბერილი ეგოს მქონე ქალები, რომლებიც სხვების ყურადღების მისაქცევად თითქოს გაჰყვირიან : „ჰეი! მომაქციეთ ყურადღება! ყველა ადამიანი ჩვეულებრივია, მე კი ნამდვილი ქალღმერთი ვარ!„ ეს ვარიანტი სწორედ დაბალ თვითშეფასებაზე მიანიშნებს.
ქალები, რომლებიც მართლა აფასებენ საკუთარ თავს, მისდევენ საკუთარ ბუნებას, უსმენენ გულსა და ინტუიციას, პატივს სცემენ თავის სხეულს, ნამდვილად სჯერათ საკუთარი თავის და ალბათ თქვენც გქონიათ ბედნიერება ასეთ ადამიანთან შეხვედრის. ასეთი ქალი არ იქნება ორიენტირებული გარშემო ყველას ყურადღების მიპყრობაზე, არ მოუნდება ყველას სიყვარულის დამსახურება, სხვა ქალებთან უაზრო კონკურენციაში არ ჩაებმება და მითუმეტეს არ ჩაებმება მამაკაცებთან კონკურენციაში. როდესაც ასეთი ქალი არჩევანს აკეთებს ჟურნალებში ამოკითხულ რჩევებსა და საკუთარ გულისთქმას შორის, ის ყოველთვის მეორეს ირჩევს. მას არ ესაჭიროება, რომ იდეალურად მოგაჩვენოთ თავი, არც უმრავლესობისთვის თავის მოწონებას ცდილობს და არც მამაკაცის ძალით შენარჩუნებას.
მის გვერდით იგრძნობთ ღრმა პატივისცემას მისი პიროვნებისა და საკუთარი თავის მიმართ.
იცით, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც ქალური ბუნება გაუპატიურებულია. მე არ მსურს ამ მოვლენის დეტალებში ჩაღრმავება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ქალების უმრავლესობა თავის სხეულში თავს არაკომფორტულად გრძნობს და საკუთარ გარეგნობასა და საერთოდ ყველაფერში მხოლოდ მინუსებს პოულობს.
არსებობს ძალიან ბევრი ვერსია და კონცეფცია იმის, თუ როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი, დედა, ცოლი, დაქალი. ყოველ მეორე სტატიაში ამოიკითხავთ რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ და შევასწოროთ საკუთარი თავი, რა უნდა ავუკრძალოთ ჩვენს თავს, რას არ უნდა ვგრძნობდეთ, რათა სხვებმა და თავადაც სათანადოდ შევაფასოთ ჩვენი ქალურობის დონე. ყოველ ჩვენგანს გვაქვს სახაზავი, რომლითაც ცხოვრების ყოველ სფეროს ვზომავთ, როგორც ჩვენს, ისე სხვის პროპორციებს ვადარებთ ნორმებს, ჩვენს თავს ვადარებთ სხვა ადამიანებს და ვიქმნით წარმოდგენას თუ როგორები უნდა ვიყოთ.
ჩვენ, ქალები თავად ვივიწყებთ ჩვენი ბუნების შესახებ.
ყველაზე საშიშია ის, რომ თანამშრომლობის ნაცვლად, იმის ნაცვლად რომ ერთმანეთის განსხვავებულობა მივიღოთ, ჩვენ დაუსრულებელი კონკურენციით ვბადებთ შიშებს, რომელიც ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს.
ამის შედეგია ის, რომ „მოდაში უნდა ვიყოთ“, უნდა ვეცადოთ დავემსგავსოთ სხვას. ჩვენ თავად ვიტენით თავს სტერეოტიპებით. მაგალითად ის, რომ
– სიბერე ეს საშინელებაა!
– 30 წელს ზემოთ გაუთხოვრობა სირცხვილია!
– თუ გიკავია მაღალი თანამდებობა ე.ი კაბიანი კაცი ხარ.
– 50 -60-70 კგ-რა საშინელებაა!
– რამდენიმე სექსუალური პარტნიორის გამოცვლა-ბოზობაა,
– არავისთან ურთიერთობის არ ქონის შემთხვევაში კი რაღაც რიგზე არ გაქვს…
ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ქალი შეშინებულია, საკუთარ კომპლექსებში იხრჩობა და ეჭვი ეპარება საკუთარ თავში. ასეთი ქალი ადვილი სამართავია. ამიტომ მთელი სამყარო ჩვენი ჩათვლით უჭერს მხარს მითს, რომ იყო ის რაც სინამდვილეში ხარ – ძალიან ცუდია! ეს ყველაფერი ქმნის შესანიშნავ ნიადაგს იმისთვის, რომ თქვენით მანიპულირებდეს თქვენი მეუღლე, ოჯახი და ზოგადად სოციუმი. რადგან ყოველთვის შეიძლება შეგახსენონ თქვენი არასრულყოფილების შესახებ, რითიც შეგარცხვენენ და დამნაშავედ გაგრძნობინებენ თავს.
ყურადღება მიაქციეთ, როგორ ცდილობს ქალების უმრავლესობა დაიმსახუროს სიყვარული. არა მხოლოდ პარტნიორის, არამედ სხვა ადამიანების მხრიდანაც. ძალიან ბევრი ცხოვრობს იმ შეგრძნებით, რომ მას რაღაც არ აქვს რიგზე.
დაიჯერო, რომ უკვე კარგი და ღირსეული ხარ, იმსახურებ სიყვარულს ისეთი, როგორიც ხარ დღეს – ძალზედ რთულია.
ფიქრებში, რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენგანს გაუელვებს, რომ საკუთარი თავის შესაყვარებლად სწორედ სხვების სიყვარულია საჭირო. აქცენტი საკუთარი თავიდან გადადის სხვაზე. ადრე თუ გვიან დგება მომენტი, როდესაც ხვდები, რომ აღარ შეგიძლია ამ ძალადობის ატანა. არ შეგიძლია მუდამ სრულყოფილებისკენ სწრაფვა და სტანდარტებში ჩაჯდომა, ვეღარ იტან სხვების იდეალთან შედარებას, თუნდაც ეს სხვები ახლობელი ადამიანები იყვნენ. შენ რწმუნდები, რომ ეს ყველაფერი სულაც არ გაბედნიერებს.
იწყება საკუთარი თავის ნაკლოვაბეის განცდა, შიმშილი. ცდილობ დაიბრუნო დაკარგული კავშირი შინაგან ბუნებასთან, ინტუიციასთან, სხეულთან. ხვდები, რომ შენი პირადი ბედნიერება მხოლოდ შენს ხელშია, ყველაზე ახლობელი და მნიშვნელოვანი ადამიანი შენი თავისთვის ხარ შენ თვითონ. მოსამართლეც, მსაჯულიც, მზრუნველი დედაც და პატარა ბავშვიც – ყველაფერი ერთში.
შენ იღებ მარტივ გადაწყვეტილებას – ამთავრებ საკუთარ თავში უარყოფითის ძებნას, საკუთარი თავის კრიტიკას, სხვებთან შედარებას, ტკივილს მოთმენას და საკუთარ ფასეულობაში დაეჭვებას. ამ ყველაფრის გამო შენ ხდები სხვებისთვის მოუხერხებელი და არაიდეალური. მაგრამ თუ დაიწყებ მოქმედებას საკუთარი თავისთვის, თუკი ცენტრში შენს პიროვნებას მოაქცევ, საერთოდ აღარ გექნება ეჭვები და ფიქრები, რომ არასწორად იქცევი. შენი გარემოცვაც შეიცვლება. ან მიგიღებენ ისეთს, როგორიც ხარ, ან ადამიანები, რომლებიც არ არიან მზად შენი ნამდვილი ბუნების გასაცნობად წავლენ შენი ცხოვრებიდან. ამაში ძალიან დიდი სიმართლე და თავისუფლებაა. თავისუფლდება სივრცე მხოლოდ მათთვის ვინც ახლოა შენს სულთან, შეხედულებებთან და ღირებულებებთან. ასეთ გარემოცვაში არ დაგჭირდება თავის მოჩვენება, სხვისი „ტყავის მორგება“, რათა მათ მოეწონო. თავს გრძნობ სამყაროს ნაწილად.
ადამიანებთან ურთიერთობაშიც საოცარი მეტამორფოზები ხდება. როდესაც შენ თავს აძლევ უფლებას იყო ნამდვილი, სხვა ადამიანებსაც იგივე სურვილი უჩნდებათ.
ყოველ ჩვენგანს ჩვენი გზა გვაქვს საკუთარი თავისკენ. ზოგიერთი ჩვენგანი ამ გზას დიდხანს და გაუბედავად გადის, ზოგი კი მიზანმიმართულად და სწრაფად. ნებისმიერი გზა კარგია, რადგან მას ჩვენ თვითონ ვირჩევთ. როგორც კი ვიგრძნობთ საკუთარი თავის გემოს, საკუთარ მნიშვნელობას გავიგებთ და ფასს მივხვდებით, ვერასოდეს დავივიწყებთ ამ შეგრძნებას. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ მუდამ იგრძნობ მონატრებას და გექნება იქ დაბრუნების სურვილი.