როდის თხოვდები?
გენდერული ნიშნით ქალის ჩაგვრა ბავშვობიდან იწყება. იმ მომენტიდან, როდესაც გვეუბნებიან, რომ გოგოები ვართ და ხეებზე ძრომიალი, ფეხბურთის თამაში და კლდეებზე ცოცვა არ შეგვფერის. როდესაც გვეუბნებიან, რომ „ისინი“ ბიჭები არიან და მათ გარეთ, ქუჩაში თამაში შეუძლიათ, გოგოები კი სახლში უნდა ისხდნენ, დედობანას ან სახლობანას უნდა თამაშობდნენ და სამზარეულოსთან ახლოს ტრიალებდნენ – სამომავლოდ გამოადგებათ.
გენდერული ნიშნით ქალის ჩაგვრა მოზარდობაშიც გრძელდება. მაშინ, როდესაც გოგოებს სახლში დაბრუნების საათებს უკონტროლებენ. როდესაც ფარულად დასდევენ და აკვირდებიან, ვინმე ბიჭი ხომ არ შეუყვარდა. შემდეგ გოგოებს სახლებში კეტავენ და ისევ უმეორებენ, რომ გოგოები არიან და მეტი თავშეკავება მართებთ.
გენდერული ნიშნით ქალის ჩაგვრა თინეიჯერობაშიც გრძელდება. გრძელდება, როდესაც ეუბნებიან, რომ გოგოა, რომ ოჯახის სახელი მან უფრო მეტად უნდა შეინახოს, ვიდრე ბიჭმა. რომ არ უნდა ჰქონდეს ქორწინებამდე სექსუალური ცხოვრება, რადგან ამას მეზობელი გაიგებს და ოჯახს თავი მოეჭრება. გოგონებიც იჯერებენ. იჯერებენ, რომ ოჯახის სახელი ერთ, ზოგჯერ არარსებულ აპკზეა დამოკიდებული. იჯერებენ, რომ მეზობელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი პირადი კეთილდღეობა. იჯერებენ და წლობით ჰყავთ შეყვარებულები, რომლებსაც მაქსიმუმ კოცნის უფლებას აძლევენ.
გენდერული ნიშნით ქალის ჩაგვრა განათლების მიღების გადაწყვეტილების დროსაც იჩენს თავს. მაშინ, როდესაც ყველაფრის უკეთ მცოდნე მშობლები და გარემოცვა ხელს უშლის მათ სასურველი პროფესიის დაუფლებაში. რა აუცილებელია ქალისთვის იურისპრუდენცია? სჯობს, მასწავლებელი გამოვიდეს. გათხოვდება და სახლში ქმარზე ადრე მივა, საჭმელს გაუმზადებს და სახლს მოუვლის. თან ხელფასიც ქმარზე დაბალი ექნება.
გენდერული ნიშნით ქალის ჩაგვრა თინეიჯერობის შემდეგაც გრძელდება. მაშინ, როდესაც ბუნებრივ მოცემულობად ვიღებთ თეორიას, რომ ოჯახის ყველა მატერიალური ქონება ბიჭს ეკუთვნის. მისია სახლი, მანქანა, ავეჯი. გოგოებს პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ – წესია ასეთი. მათ ხომ სახლი მაშინაც ექნებათ, როდესაც გათხოვდებიან, როდესაც მშობლები მას სხვას ისე ათხოვებენ, როგორც რიგით ნივთს გამოსაყენებლად და სახმარად. ის კიდევ გათხოვებული, ვიღაცისთვის ნათხოვარი, ვიღაცის კუთვნილ სახლში, სხვისი საკუთრების პატარა კუნჭულში იცხოვრებს და იფიქრებს, რომ წესია ასეთი.
გენდერული ნიშნით ქალის ჩაგვრა ქორწინების შემდეგაც გრძელდება. როდესაც იჯერებენ, რომ ქალისთვის არ შეიძლება, კაცი კი კაცია და გაივლის. როდესაც თანახმანი არიან, რომ ქმრებმა მათ არ გააგებინონ და რაც უნდათ, ის ქნან. როდესაც უსიტყვოდ იტანენ გინებას და ეს მოსაფერებელი სიტყვები ჰგონიათ.
გენდერული ნიშნით ქალის ჩაგვრა მაშინაც გრძელდება, როდესაც ხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება; რომ დროა, თავს უშველონ, დატოვონ მთხოვნელის სახლი, ვისაც თავის დროზე ის მშობლებმა ათხოვეს, დატოვონ და სახლში დაბრუნდნენ, თუმცა ფიქრობენ მეზობელზე, რომელიც მათ განათხოვარს დაუძახებს, ფიქრობენ ოჯახის რეპუტაციაზე, რომელიც განათხოვარი შვილის შემდეგ ლაფში ამოისვრება, ფიქრობენ საზოგადოებაზე და რჩებიან. რჩებიან მთხოვნელ მოძალადესთან.
გენდერული ნიშნით ქალის ჩაგვრა მაშინაც გრძელდება, როდესაც სახედალურჯებულ და ნაცემ ქალს საკუთარი ოჯახი ეუბნება, რომ მისი ბრალია და ქმარს რაღაც დააკლო. როდესაც ხელს ჰკიდებენ და უკან, იმ სახლში აბრუნებენ, სადაც გაათხოვეს.
გენდერული ნიშნით ქალის ჩაგვრა მაშინაც გრძელდება, როდესაც კაცზე მაღალი შემოსავალი აქვს, როდესაც ემანსიპირებულია, მუშაობს, საკუთარი შემოსავალი აქვს და სხვაზე არაა დამოკიდებული. კაცები ეჭვიანობენ ასეთ ქალებზე. ეჭვიანობენ, იძულებენ და ძალადობენ. ძალადობენ და კლავენ.
ქალთა მიმართ ძალადობა მაშინაც გრძელდება, როდესაც ის მძიმე დანაშაულშია ბრალდებული. მთელი ქვეყანა იგებს მისი სექსუალური ცხოვრების, სულიერი ინტერესების, საყვარელი ფილმების, ცრურწმენებისა და ათასი წვრილმანის შესახებ. იგებს და ძალადობს. ძალადობს ფსიქოლოგიურად, მორალურად. ძალადობს და ბედნიერია სასჯელის უმაღლესი ზომით, რადგან ქალმა გაბედა და მოკლა კაცი.
კაცები ქალებს კლავენ. კლავენ და აწამებენ. აჭრიან ყურებს, ყელს, ასხამენ მჟავას და ცოცხლად წვავენ. კლავენ ცალ-ცალკე და შვილებთან ერთად. კლავენ ისე, თითქოს მათი საკუთრება იყოს. საკუთრება, რომელიც თავის დროზე ლეგიტიმურად ითხოვეს.
– როდის თხოვდები? – გეკითხებიან რომელიღაც სოფლის რომელიღაც ორღობეში შემთხვევით შეხვედრილი ნაცნობები და სახეზე თანაგრძნობა ეხატებათ. შენ კი გინდა, იკივლო ერთადერთი პასუხი:
– არასდროს.
თამარ კარელიძე
წყარო: www.liberali.ge