რას ნიშნავს ემოციური ინტელექტი (EQ) და რატომაა მნიშვნელოვანი?
ინტელექტზე საუბრისას, ხშირად ჩვენ არ ვფიქრობთ ადამიანის რაიმე კონკრეტულ უნარზე, არამედ, ზოგადად წარმოვიდგენთ განათლებულ, ნაკითხ ადამიანს, რომელიც წარმატებასთან ასოცირდება. ამიტომ, ბევრმა არ იცის ინტელექტის გამორჩეული სახეობა – ემოციური ინტელექტი და მისი ღირებულება .
ყველა სახის ინტელექტი გულისხმობს რაიმე პრობლემატური საკითხის სწორად მართვას: ეს შეიძლება იყოს მათემატიკური, ტექნიკური, ფინანსური ან სხვა. თუმცა, ადამიანი, რომელზეც ვამბობთ, რომ ჭკვიანია, შესაძლოა იგივე ადამიანი იყოს, რომელსაც პირად ცხოვრებაში აქვს პრობლემები, ან უბრალოდ ბედნიერი არ არის, იმის მიუხედავად, რომ კარიერული თვალსაზრისით წარმატებას მიაღწია. ან კი, აქვს უნარები, შესაძლებლობა და ჭკუა, თუმცა ვერ ახერხებს მათ სწორად ნავიგაციას და პროფესიულად ვერ ვითარდება. შესაბამისად, ამგვარი შემთხვევა გამოწვეულია ემოციური ინტელექტის დეფიციტით.
ემოციური ინტელექტი არის საკუთარი ემოციების გარჩევის, გაგებისა და კონტროლის უნარი; ეს უნარი ასევე გვეხმარება სხვების ემოციების გაანალიზებაში და მათი მეშვეობით ზეგავლენის მოხდენაში.
ყოველი ჩვენგანი განსხვავებული პიროვნებაა, განსხვავებული ხასიათით, სურვილებითა და საჭიროებებით, ემოციების გამოხატვის განსხვავებული ფორმებით. ალბათ ყველას გვსმენია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც ოსტატები არიან თავიანთი ემოციების მართვაში. ისინი წყობიდან არ გამოდიან და არ ბრაზდებიან სტრესულ სიტუაციებში, ამის ნაცვლად, მათ აქვთ უნარი შეისწავლონ პრობლემა და მშვიდად იპოვონ გამოსავალი. ისინი შესანიშნავნი არიან გადაწყვეტილებების მიღებაში და იციან, როდის შეუძლიათ ენდონ მათ ინტუიციას.
თუმცა, მიუხედავად მათი სიძლიერისა, როგორც წესი, მათ შეუძლიათ საკუთარი თავის სწორად დანახვა: ისინი კრიტიკას კარგად იღებენ და იციან, როდის გამოიყენონ ის მათი პიროვნული ან კარიერული წინსვლისთვის. სწორედ ასეთ ხალხზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურად ინტელექტუალურნი არიან. ასეთი პიროვნებები არამარტო კარგად იცნობენ თავიანთ თავებს, არამედ ხედავენ სხვების ემოციურ საჭიროებებსაც.
დღევანდელ რეალობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ემოციური ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანია პროფესიულ ცხოვრებაში, როგორც სხვა ტექნიკური უნარი. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის ამაღლება დაგვეხმარება არამარტო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში, არამედ პროფესიული ცხოვრების სწორად მართვაშიც. საბოლოო ჯამში კი, ამ უნარის მეშვეობით, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სიმშვიდე და ბედნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ამგვარად, მაღალი ემოციური ინტელექტის ქონა ყოველ ჩვენგანის ინტერესებში შედის და საბედნიეროდ, მისი განვითარება სავსებით შესაძლებელია სწორი ვარჯიშებითა და ცოტა მოთმინებით.
წყარო: growin.ge