რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ჩვენს ტვინში…
იმ დროიდან მოყოლებული, რაც 12 წლის ასაკში მამაჩემი ცდილობდა ჩემს დაინტერესებას მედიტაციით, ამ საკითხის მიმართ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა. ყოველთვის ბუნდოვნად და რთულად გასაგებად მეჩვენებოდა, ამიტომ მივიჩნიე, რომ მედიტაცია არ იყო საჩემო. ახლახანს აღმოვაჩინე, თუ როგორი მარტივი (არა ადვილი, არამედ მარტივი) ყოფილა მედიტაცია და როგორი დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ყოველდღიურობაში, ბედნიერების თვალსაზრისით. პრაქტიკა ზრდასრულ ასაკში დავიწყე. საწყის ეტაპზე მედიტაციის პრაქტიკას მხოლოდ 2 წუთს ვუთმობდი. მხოლოდ 2 წუთი! ეს იდეა ლეო ბედაუტას ძენ ბლოგიდან ავიღე, სადაც ის ამბობდა, როგორ შეიძლება მაღალი მწვერვალების ნაბიჯ-ნაბიჯ დაპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ 2 წუთი მცირე დროა, მაინც ასე დავიწყე თავიდან.
მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა სკეპტიკურად განწყობილი, როგორც მე ვიყავი ადრე, ან თუნდაც უკვე საათობით მედიტირებთ, ვფიქრობ, ყველასათვის საინტერესოა, რა ხდება ტვინში მედიტაციის დროს. მე გამოვიკვლიე მედიტაციის ზეგავლენა ტვინზე და საკმაოდ საინტერესო ფაქტებს გადავაწყდი.
რა არის მედიტაცია?
არსებობს მედიტაციის უამრავი მეთოდი და რადგან ეს პირადი პრაქტიკაა, ალბათ გაცილებით მეტიც არსებობს, ვიდრე ჩვენთვის არის ცნობილი, მაგრამ არსებობს რამდენიმე, რომლებიც სამეცნიერო კვლევის ინტერესის ქვეშ ხშირად ექცევიან. ასეთი სახეობაა: ყურადღების ფოკუსირება, ანუ ყურადღების გარინდების მედიტაცია, რომლის დროსაც ფოკუსირდები სუნთქვაზე, შეგრძნებაზე სხეულის შიგნით, ან რაიმე გარეშე ობიექტზე. ამ მედიტაციის მთავარი ამოცანა მედიტაციის ობიექტზე მჭიდრო და უწყვეტი ფოკუსირებაა, ხოლო, როდესაც ყურადღება იფანტება, ყურადღებას ჭვრეტის საგანზე კვლავ უკან ვაბრუნებთ. მეორე სახის მედიტაცია, რომელიც ასევე სამეცნიერო კვლევის ინტერესში ხშირად ხვდება, არის რეაქციის გარეშე აღქმა იმისა, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.
რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ჩვენს ტვინში?
ეს მართლაც, საინტერესოა. თანამედროვე ტექნოლოგიის, მაგნიტო- რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) სკანერის გამოყენებით, მეცნიერებს აქვთ მკაფიო წარმოდგენა, რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ჩვენს ტვინში. მთავარი ცვლილება ის გახლავთ, რომ ტვინი წყვეტს ინფორმაციის იმ ფორმით დამუშავებას, როგორც ეს ჩვეულებრივ მიმდინარეობს. მცირდება ბეტა ტალღების აქტივობა, რაც ტვინის მიერ ინფორმაციის დამუშავების მაჩვენებელია. ასეთი შედეგი შესაძლებელია. თვალსაჩინოებისთვის საკმარისია თუნდაც 20 წუთიანი პრაქტიკა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ დამწყები ხართ. მოცემულ სურათზე შესაძლებელია იხილოთ, როგორ ქრება ბეტა ტალღები (ფერადი ტონები) მედიტაციის შემდეგ (მარჯვენა მხარეს). ქვემოთ აღწერილია, როგორ რეაგირებს ტვინის ცალკეული ზონები მედიტაციაზე:
შუბლის წილი
ეს არის ტვინის ყველაზე უფრო განვითარებული ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს განსჯის, დაგეგმვის, ემოციებისა და საკუთარი ცნობიერების აღქმის უნარს. მედიტაციის განმავლობაში, შუბლის წილის ზონა, დასვენების მდგომარეობაში გადადის.
თხემის წილი
ტვინის ეს ნაწილი ამუშავებს გარესამყაროდან მიღებულ სენსორულ ინფორმაციას, გვაძლევს ორიენტაციის საშუალებას დროსა და სივრცეში. მედიტაციის დროს აქტივობა ამ ზონაში იკლებს.
თალამუსი
გრძნობათა კარიბჭეა, უზრუნველყოფს სენსორული იმპულსების თავის ტვინის ქერქში მოხვედრას, ასევე მათ შეკავებას. მედიტაციის მეშვეობით, იმპულსების ქაოტური ნაკადი, სხივის ფორმას იღებს.
რეტიკულური ფორმაცია
ტვინის ფილტრია, რომელიც არეგულირებს ნერვული სისტემის აღგზნებადობის დონეს. მისი სტრუქტურა შემავალი სიგნალების შედეგად რეაქციებისადმი ტვინის მზდყოფნას უზრუნველყოფს. მედიტაციის შედეგად, უმჯობესდება მისი, როგორც ნერვული სისტემის ფილტრის ფუნქციონირება, შედეგად მცირდება სიგნალები, რომლებიც აღაგზნებენ ტვინს და იწვევენ მის ღელვას.
როგორ მოქმედებს მედიტაცია ჩვენზე
იმის განსაზვრის შემდეგ, თუ რა ცვლილებებს იწვევს მედიტაცია ჩვენს ტვინში, შევეცადოთ მისი ეფექტი გონებრივი მონაცემების თვალსაზრისით გავარკვიოთ :
კონცენტრაციის გაუმჯობესება
რადგან მედიტაცია ყურადღების ფოკუსირებას გულისხმობს, ავტომატურად უმჯობესდება კონცენტრაციის უნარი, რაც რეგულარულ პრაქტიკასთან ერთად თანდათანობით ვითარდება.
ნაკლები მღელვარება
ერთი შეხედვით ტექნიკური საკითხია, მაგრამ მაინც საინტერესოა. რაც უფრო მეტ დროს ვუთმობთ მედიტაციას, მით უფრო მეტად ურთიერთდამოუკიდებლად ფუნქციონირებენ ნერვული სისტემის ცალკეული ცენტრები. შეიძლება ეს უცნაურადაც ჟღერს, მაგრამ შევეცდები განვმარტო:
როდესაც არ ვმედიტირებთ, რა ხდება ტვინის იმ ცენტრში, რომელსაც
ხშირად „მე“-ს ცენტრს (პრეფრონტალურ ქერქს) უწოდებენ?
ეს არის ტვინის ნაწილი, რომელიც ჩვენს მესთან და ჩვენს გამოცდილებასთან არის დაკავშირებული. ჩვეულებრივ, ნერვული კავშირები გრძნობათა ორგანოებისა და შიშის ცენტრის -„ მე“-ს ცენტრთან არის ძალიან ძლიერი. როდესაც განვიცდით შიშის ან მწუხარების გრძნობას, ეს გადაეცემა „მე“-ს ცენტრს და შედეგად განვიცდით შიშს, ან თავს ვგრძობთ საფრთხის ქვეშ. როდესაც ვმედიტირებთ ნერვული კავშირები სუსტდება, რაც ნიშნავს რეაქციის შესუსტებას ისეთ გრძნობაზე, რომელიც მანამდე გვაფორიაქებდა. ამ კავშირის შესუსტების პარალელურად ძლიერდება კავშირი „შეფასების“ ცენტრს, გრძნობათა ორგანოებსა და შიშის ცენტრს შორის. შედეგად, როდესაც განვიცდით შიშს ან მწუხარებას, არ ვკარგავთ რაციონალურ ხედვას. მოვიყვანოთ მაგალითი: ტკივილის განცდისას, სასოწარკვეთილების ნაცვლად, ან ნაცვლად იმისა, ათასგვარმა ფიქრმა ბოლო მოგვიღოს, შესაძლებელია მოწმის სახით, როგორც დამკვირვებელმა აღვიქვათ ტკივილის მოსვლა და წასვლა.
კრეატიულობის ზრდა
ჩემთვის, როგორც მწერლისთვის, ეს ყოველთვის საინტერესო იყო სამწუხაროდ, ამის სწავლა ძალიან რთულია, მაგრამ კვლევა გვიჩვენებს, როგორ ეხმარება მედიტაცია კრეატიულობის განვითარებაში. ლეიდენ უნივერსიტეტის ჰოლანდიელმა მკვლევარებმა შეისწავლეს მედიტაციის ზემოთხსენებული ორი მეთოდი: „ყურადღების ფოკუსირება“ და „აღქმა ჩარევის გარეშე“, იმ მიზნით, რომ დაედგინათ მედიტაციის ეფექტურობა კრეატიულობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც „ყურადღების ფოკუსირების“ მეთოდს მიჰყვებოდნენ, არ ამჟღავნებდნენ კრეატიულობის გაუმჯობესების თვალსაზრისით რაიმე ნიშნებს. ხოლო, ვინც „აღქმა ჩარევის გარეშე“ მეთოდი აირჩია, უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდათ. რაც ეხება შეფასების მეთოდს, ის ექსპერიმენტში მონაწილეთა მხრიდან ახალი იდეების შეთავზებაში მდგომარეობდა .
თანაგრძნობა
კვლევებმა აჩვენეს, რომ თანაგრძნობა და ემპათია იზრდება რეგულარული მედიტაციის შედეგად. ერთერთი ექსპერიმენტის დროს, „თანაგრძნობის მედიტაციის“ პრაქტიკოსებს აჩვენებდნენ ადამიანთა ფოტოსურათებს, კარგი, ცუდი და ნეიტრალური მოქმედების გამოსახულებით. პრაქტიკოსები ახერხებდნენ ყურადღების ფოკუსირებას და რეაქციების შემცირებას ფოტოსურათების მიმართ, მაშინაც კი, როდესაც არ იმყოფებოდნენ მედიტაციურ მდგომარეობაში. ნაწილობრივ, ეს თავის ტვინის ნუშისებრი სხეულის ზონის დამსახურებაა, რომელიც ემოციური სიგნალების დამუშავებას ემსახურება. როგორც წესი, მედიტაციის დროს, ტვინის ამ ზონაში აქტივობა კლებულობს, მაგრამ ამ ექსპერიმენტის დროს, განსაკუთრებით რეაგირებდა ფოტოსურათების ჩვენების მომენტში.
2008 წელს ჩატარებული მორიგი ექსპერიმენტის დროს აღმოჩნდა, რომ მედიტატორებში თხემ-საფეთქლის შეერთების ზონაში მაღალი აქტივობა აღინიშნება, რაც ნაკლებად აღინიშნება მათში, ვინც არ მედიტირებს.
მეხსიერების გაუმჯობესება
მედიტაციას დიდი გავლენა აქვს მეხსიერების სისხარტეზე. ქეთრინ ქერიმ, მარტინოს ბიო-სამედიცინო ვიზუალიზაციის და ოშერის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც მისდევენ “ყურადღების გარინდების“ მედიტაციას, მეტად აქვთ განვითარებული უნარი, იგნორირება გაუკეთონ არასასურველი ინფორმაციის ტალღებს, რაც პროპორციულად ზრდის სასურველი ინფორმაციის უკეთ ათვისებას, ვიდრე მათ ვინც არ მედიტირებს. ქეთრინი აღნიშნავს, რომ არასასურველი ინფორმაციის იგნორირება სწორედ ის საფუძველია, რაც აუმჯობესებს სასურველი ინფორმაციის იოლად დამახსოვრებას და დამახსოვრებულის გამოყენებას. ეს, ეფექტით ძალიან წააგავს უცხო სიტუაციაში მოხვედრის შედეგად აღქმის გამძაფრებულ მდგომარეობას.
ნაკლები სტრესი
„ყურადღების გარინდების“ მედიტაცია ეფექტურია მათთვის ვისაც სტრესულ გარემოში უწევს მუშაობა. 2012 წელს, ექსპერიმენტში HR მენეჯერებმა მიიღო მონაწილეობა. ჯგუფი სამ პატარა ჯგუფად გაყვეს, პირველი ჯგუფი გადიოდა ყურადღების ფოკუსირების მედიტაციის პრაქტიკას, მეორე – სხეულის რელაქსაციის ტრეინინგს, ხოლო მესამე არც ერთ პრაქტიკას არ მისდევდა. მათ შეუქმნეს სტრესული გარემო და დატვირთეს მრავალფეროვანი ამოცანებით. ექსპერიმენტი 8 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. საბოლოო კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც მედიტაციას მისდევდნენ, ნაკლებ სტრესს განიცდიდნენ მთელი ექსპერიმენტის განმავლოვაში, ვიდრე დანარჩენი ორი ჯგუფის წევრები.
მეტი რუხი ნივთიერება
მედიტაციას, აგრეთვე, აკავშირებენ ტვინში რუხი ნივთიერების ზრდასთან, კერძოდ: ჰიპოკამპუსისა და შუბლის წილში. არ ვიცოდი, ეს რას ნიშნავდა, მაგრამ როდესაც გავარკვიე საკმაოდ კარგი მოვლენაა. რაც უფრო მეტია რუხი ნივთიერება, მით უფრო მეტი და სტაბილურია დადებითი ემოციები, აგრეთვე მატულობს ყურადღებიანობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მედიტაცია ასევე ამცირებს ასაკის ზემოქმედებას რუხ ნივთიერებებზე და
კოგნიტური (დაგეგმვის) ფუნქციების დაქვეითებას.
ბელე კუპერი
თარგმანი – გიორგი ბერძენიშვილი
წყარო: ww.yoga.ge