ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც მშობლები ბავშვის აღზრდისას უშვებენ -ნაწილი I
ბავშვის აღზრდისას ყველა მშობელი საკუთარ ცოდნას და ცხოვრების მისეულ გაგებას ეყრდნობა და იშვიათად თუ დაფიქრდება იმაზე, თუ რატომ მოქმედებს გარკვეულ სიტუაციებში სწორედ ასე და არა სხვაგვარად. მაგრამ ყოველი დედის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც საყვარელი შვილის ქცევა მას ჩიხში ამწყვდევს. თუმცა, ხომ შეიძლება რომ თავად უფროსების ქმედება, მათივე აღზრდის რადიკალური მეთოდების გამოყენებით, იყოს იმგვარი, რის გამოც მათ მოგვიანებით კიდეც შერცხვებათ. თქვენ ერთეული არ ხართ, ვინც შეცდომებს უშვებს, დროდადრო ყველა მშობელს მოსდის შეცდომა. მაგრამ უმჯობესია სხვათა შეცდომებზე ვისწავლოთ. ასე არაა?
პირობა, რომ აღარ მეყვარები
„თუ ისეთი არ იქნები, როგორიც მე მინდა, აღარ მეყვარები“ – მშობლებს უკვირთ და ვერ ხვდებიან, რატომ არის მათთვის ასე რთული შვილებთან გამკლავება. რატომ ხდება, რომ მშობლების ნებისმიერი მოთხოვნა პროტესტს იწვევს ბავშვის მხრიდან. როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ ასე ბავშვები ჯიბრით იქცევიან?
მრავალი მშობლისთვის ამაზე დაფიქრებას შედეგად მოსდევს მათი აზრით, გადამრჩენელი ფრაზა, რომელიც შეიცავს პირობას, რომ აღარ ეყვარება პატარა, თუ ის ასე ან ისე არ მოიქცევა. ეს ფრაზა უძლიერესი იარაღია მშობლის ხელში და თავიდან ის მართლაც კარგად მოქმედებს და ბავშვიც, დედასთან კავშირის გაწყვეტის შიშით, ასრულებს ყველაფერს, რასაც მას ეუბნებიან. მაგრამ ეს პირობა, სინამდვილეში, ხომ მხოლოდ ლიტონი სიტყვებია. შეუძლებელია, რომ დედას საკუთარი შვილი არ უყვარდეს, და ბავშვიც გრძნობს ამას. მას ერთხელაც თუ მოატყუებთ, ამით შესაძლოა სამუდამოდ დაკარგოთ თქვენი შვილის ნდობა. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ამ მეთოდს არასოდეს მივმართოთ. ბევრად უკეთესი იქნება, თუ ვეტყვით ბავშვს: „მიუხედავად ყველაფრისა, მე მეყვარები, მაგრამ არ მომწონს, როგორც იქცევი“.
მეორე შეცდომა – გულგრილობა
„რაც გინდა გააკეთე, ჩემთვის სულ ერთია“ – ზოგიერთ ოჯახში აღზრდის განსხვავებულ მეთოდს მიმართავენ, რომლის თანახმადაც მშობლები თვლიან, რომ არ არის საჭირო ვითარების დაძაბვა, ბავშვთან პოლემიკის გამართვა, ნერვების აშლა, რაიმეს მტკიცება. ბავშვმა თავად უნდა ისწავლოს საკუთარი პრობლემების მოგვარება და საერთოდაც, ბავშვი დასაწყისშივე უნდა მოემზადოს სრულწლოვანი ასაკისთვის. დაე, მალე გახდეს დამოუკიდებელი. ჩვენ თავს დაგვანებებს. ფსიქოლოგთა აზრით, ბავშვის აღზრდისას სწორედ მსგავსი დამოკიდებულება ხდება მომავალში გამოვლენილი მრავალი ფსიქიკური ტრავმის მიზეზი და უარყოფითი შედეგების მომტანი მისი ხასიათის ფორმირებისთვის ზრდასრული ასაკსა და მის მისი მომავალი კარიერაში. ხოლო სანამ ბავშვი პატარაა, ის უბრალოდ ამოწმებს, თუ რამდენად მყარია ის ძაფი, რომელიც მას მშობლებთან აკავშირებს. ის ამას ამოწმებს გამუდმებით და მხოლოდ და მხოლოდ ცუდი ქცევის მეშვეობით. ეს თავისებური მეთოდია მშობლების ყურადღების მისაპყრობად. ამიტომ მშობლებო, ნაცვლად თქვენს მიერ გამოვლენილი გულგრილობისა, შეეცადეთ მეგობრული ურთიერთობა დაამყაროთ ბავშვთან, თუნდაც მისი საქციელი სრულიად მიუღებელი იყოს იყოს თქვენთვის. შეიძლება, მაგალითად ასე მიმართოთ მას: „იცი, ამ საკითხთან დაკავშირებით მე სრულებით არ გეთანხმები. მაგრამ მინდა დაგეხმარო, იმიტომ რომ მიყვარხარ. ნებისმიერ დროს შეგიძლია მკითხო რჩევა, როდესაც ეს დაგჭირდება“.
მოამზადა ინესა შაგინიანმა