ფილიპ ზიმბარდო- დროის ფსიქოლოგიის შესახებ
“მსურს, გაგიზიაროთ აზრები დროის საიდუმლო ძალის შესახებ, ძალიან მოკლე დროში” – სწორედ ამ სიტყვებით იწყებს ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო დროის ფსიქოლოგიის შესახებ საუბარს თავის ერთ–ერთ გამოსვლაში.
დრო ის ფენომენია, რომელიც თითქმის თითოეული მეცნიერების შესწავლის საგანია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ დროის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს. თუმცა ფილიპ ზიმბარდომ დროის ფსიქოლოგიაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან აპექტებზე და ისეთ საკითხებზე, რომლებზეც დაფიქრება არა მხოლოდ მეცნიერთათვის, არამედ სხვა, ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც მეტად საჭიროა.
იგი საკუთარი მოსაზრებების დასაბუთებას მარტივი მაგალითების მოყვანით იწყებს:
“მოდით, ახლა ვაცდუნოთ 4 წლისანი ტკბილეულით. მათ შეუძლიათ მიიღონ ერთი კანფეტი ახლა, ან ორი კანფეტი ექსპერიმენტატორის ოთახში დაბრუნებისთანავე – თუ მოიცდი, მიიღებ მეტ ტკბილეულს. ბავშვების 2/3 ვერ უძლებს ცდუნებას. დანარჩენები კი იცდიან, რომ მოგვიანებით მეტი მიიღონ. ვოლტერ მიშელი, ჩემი კოლეგაა სტენდფორდში. იგი 14 წლის შემდეგ შეეცადა აღმოეჩინა განსხვავება ამ ბავშვებს შორის. უზარმაზარი სხვაობა იყო იმათ შორის, ვინც შეძლო მოცდა და ვინც ვერ შეძლო. ვინც შეძლო, მათ ჰქონდათ 250 ქულით მეტი SAТ-ში. ეს ძალიან დიდი განსხვავებაა IQ-ს ტესტში. ისინი იყვნენ უკეთესი სტუდენტები ნაკლები პრობლემებით, თავდაჯერებულები და მიზანდასახულნი. დღეს მთავარი ჩემთვის და ასევე თქვენთვის არის ის, რომ ისინი უფრო მეტად მომავალზე იყვნენ ორიენტირებულნი ვიდრე აწმყოზე.
მაშ, რა არის დროის პერსპექტივა?
სწორედ ამაზე მსურს გესაუბროთ დღეს. დროის პერსპექტივა, არის კვლევა იმაზე, თუ ინდივიდი, ყოველი ჩვენგანი, რა ეტაპებად ყოფს მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას დროის ზონების, ან კატეგორიების მიხედვით. ეს კეთდება ავტომატურად და ქვეცნობიერად. ეს იცვლება კულტურების, ერების, ინდივიდების, სოციალური კლასების, განათლების დონის მიხედვით. პრობლემაა ის, რომ ეს დაყოფა შეიძლება გახდეს ტენდენციური, რადგან თქვენ იყენებთ ერთს საჭიროზე უფრო მეტად, და მეორეს საჭიროზე ნაკლებად.
წყარო: http://intermedia.ge