კომფორტის ზონის მიღმა ახალი ცხოვრება იწყება
როდის იყავით ბოლოს საცეკვაოდ? როდის შეისწავლეთ ახალი ენა? დაკავდით სპორტით? ან სულაც ახალი ეგზოტიკური საჭმელი მოამზადეთ? როდის გამოხვედით ბოლოს კომფორტის ზონიდან და დაძლიეთ შინაგანი წინააღმდეგობა?
შესაძლოა, ახალი გამოცდილება თქვენთვის დისკომფორტული,რთული, ან დამთრგუნველი აღმოჩნდა. თავს დაუცველად და უხერხულად ხომ არ გრძნობდით? თუ შესასრულებელი ამოცანა რთული იყო, ალბათ, იმედიც კი დაკარგეთ,რომ მის შესრულებას შეძლებდით. სწორედ ამ მიზეზების გამო ვამბობთ ხოლმე უარს მოცემული საქმის გაგრძელებაზე და ვცდებით.
ასეთ ფენომენს ფსიქოლოგიაში ფრუსტრაციულ ბარიერს უწოდებენ. ეს ის ბარიერია, რომელიც ხელს გიშლით გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და მიიღოთ ახალი გამოცდილება. ამავე მიზეზით ადამიანმა შეიძლება ნაადრევად დაანებოს თავი საქმეს, თუ იმ წამსვე ვერ მიიღო სასურველი შედეგი.
საქმე ისაა,რომ ფრუსტრაციული ბარიერი დროებითია და როდესაც მას გავარღვევთ, ვიწყებთ პროცესით ტკბობას. უფრო მეტიც, პიროვნულად ვიზრდებით და უკვე სხვა კუთხით ვუყურებთ ახალ საქმეს.
ერთ–ერთი მთავარი განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის სწორედ ბარიერის გარღვევის უნარია. წარუმატებელი ადამიანები მაშინვე ნებდებიან, წარმატებული ადამიანები კი არღვევენ ბარიერს, გამოდიან კომფორტის ზონიდან და ტკბებიან ახალი საქმის შესწავლის პროცესით, ახალი გამოცდილებითა და საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებით. მთლიანობაში ასეთი ადამიანები უფრო განვითარებული ადამიანები არიან, რადგან უფრო მრავალფეროვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებენ.
პირველი ფაქტორი, რომელიც ფრუსტრაციულ ბარიერს ქმნის არის საქმის მოჩვენებითი სირთულე. ხშირად ის, რაც არ ვიცით და რაც ახალია გვაშინებს.
ამ ფაქტორის დასაძლევად, ეცადეთ დასახული ამოცანის სირთულე თანდათან გაზარდოთ. თუ გჭირდებათ, შეემზადეთ, გაერკვიეთ მოცემულ საკითხში, იმისათვის, რომ სრულიად უცხოდ არ გრძნობდეთ თავს აღნიშნულ სფეროში. მაგალითად, თუ აპირებთ ვარჯიშის დაწყებას, თავდაპირველად სავარჯიშო დარბაზში ნახევარი საათით მიდით. ნუ იდარდებთ, თუ პირველივე ჯერზე მაქსიმალურ დატვირთვას არ მიიღებთ ამ რომელიმე ვარჯიშს სრულყოფილად ვერ შეასრულებთ. შემდგომ შეგიძლიათ გაზარდოთ დრო და დატვირთვა, დროთა განმსავლობაში დახელოვნდებით ვარჯიშების შესრულებაშიც.
მეორე ფაქტორი, რომელიც ფრუსტრაციულ ბარიერს ქმნის არის ჩვენი შინაგანი რწმენა–წარმოდგენები. ჩვენ თვითონვე ვაიძულებთ საკუთარ თავს შევწყვიტოთ წამოწყებული საქმე პირველივე მცირედი მარცხის გამო. სინამდვილეში, სწორედ მაშინ, როდესაც სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ და არ ვნებდებით ვიმარჯვებთ. წარმატება ხომ საქმის ბოლომდე მიყვანაშია ჩადებული. ასე რომ, თუ ერთ დღეს ახალ ეგზოტიკურ კერძს მოამზადებთ და უგემური გამოგივათ, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ დრო ტყუილად დახარჯეთ და თქვენ არაფერი გამოგდით. ეს ბიძგია, შემდეგში უფრო მოინდომოთ და სცადოთ.
მესამე ცრუ წარმოდგენა არის – ფიქრები: არ შემიძლია/არ გამომდის. არ შემიძლია ცეკვა, არ შემიძლია საჭმლის მომზადება, არ შემიძლია დავკავდე სპორტით და ა.შ. ეს წარმოდგენები ხშირად ძალიან გვზღუდავს. მართალია, ბევრი აქტივობა შეიძლება თქვენი კომფორტის ზონის მიღმა გელოდებოდეთ, მაგრამ ძალზე ცოტაა ისეთი, რომლის გაკეთებაც თქვენ რეალურად არ შეგიძლიათ. თუ ეცდებით ჩაებათ ამ აქტივობებში და დაძლიოთ ფრუსტრაციული ბარიერი, ზემოთმოყვანილი მეთოდების მეშვეობით, აღმოაჩენს,რომ თურმე ბევრი რამ გამოგდით, რაც მანამდე არ შეგეძლოთ.
მე ბავშვობიდან ძალიან მინდოდა გიტარაზე დაკვრა და სიმღერა. სახლში როდესაც ვმღეროდი ჩემი ძმა კარს აჯახუნებდა, ან დამცინოდა ხოლმე. ჩავთვალე, რომ ეს მე არ შემიძლია, ეს აქტივობა ჩემთვის არ არის. გავიდა დრო. არ დავნებდი. დავიწყე გიტარის მასწავლებლი მოძიება, შევედი სიმღერაზე ანსამბლში, სადაც ვამუშავებდი ჩემს ხმას და სმენას. საბოლოოდ იმ შედეგს მივაღწიე,რომ გიტარაზე ვუკრავ და სიმღერაც ლამაზად გამომდის. არაერთხელ მიმიღია კომპლიმენტი ამასთან დაკავშრებით.
თქვენ რომელ აქტივობებს შეიტანდით თქვენს „არ შემიძლია/არ გამომდის“ ჩამონათვალში? დარწმუნებული ხართ, რომ ეს ყველაფერი მართლაც ამდენად რთულია? იქნებ კიდევ ერთხელ გეცადათ? გახსოვდეთ, რომ ფრუსტრაციული ბარიერი შეიძლება გვაკავებდეს ისეთი საქმისგან, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდება ხოლმე.
ანა ტატულაშვილი
გამოყენებული მასალა: https://www.scotthyoung.com/blog/2006/02/23/overcoming-the-frustration-barrier/