“ეს ნამდვილად დეპრესიული მდგომარეობაა?” – ინგა ბლესსი
ინგა გოჩელეიშვილი (ბლესსი) – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი,, ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, პერსონალური და ბიზნეს ქოუჩი, IBEL აკადემიის დამფუძნებელი.
_ რა არის დეპრესია და რა ფორმებით ვლინდება იგი ადამიანებში ?
_დეპრესია (ლათ. ლათ. Deprimo “ჩახშობა (ძირს)”) არის ფსიქიური აშლილობა, რომლის ძირითადი ნიშნებია განწყობის გაუარესება და ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება ან დაკარგვაა. ასევე დეპრესიას ახასიათებს ე.წ. „აზროვნების დარღვევები“ -პესიმისტური შეხედულება ყველაფრზე, რაც ხდება, სიხარულის გრძნობის დაკარგვა, ნეგატივიზმი, ჩვეული საქმიანობისადმი ინტერესის გაქრობა. დეპრესიას თან ახლავს თვითშეფასების დაქვეითება, ცხოვრების აზრის დაკარგვა. ზოგიერთ შემთხვევაში, დეპრესიაში მყოფი ადამიანი, იწყებს ალკოჰოლის და სხვა ხელმისაწვდომი გამაბრუებელი ნივთიერებების გამოყენებას. ითვლება, რომ დეპრესია ხანდაზმული ასაკის თანმდევი კომპონენტია და ზოგიერთ ქვეყანაში 70 წლის ზემოთ პაციენტებს აუცილებელ რეჟიმში უნიშნავენ ანტიდეპრესანტებს. მაგრამ დეპრესია არა მხოლოდ ასაკოვანთა პრობლემაა, თანამედროვე სამყაროში ბევრ ახალგაზრდას ასევე აწუხებს დეპრესია.
_რამდენად ხშირია ახალგაზრდებში და რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
_ახალგაზრდებში დეპრესიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სხვადასხვა პათოფიზიოლოგიური მექანიზმები. ახალგაზრდებში დეპრესიის განვითარებაზე პასუხისმგებელი მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს. აქვე უნდა აღინიშნოს, გენეტიკური მემკვიდრეობის როლიც, რომელმაც შესაძლოა გაზარდოს დეპრესიის, როგორც სტრესულ სიტუაციებზე რეაგირების, ჩამოყალიბების რისკი. დეპრესიის შესაძლო მიზეზები ახალგაზრდებში: ბიოლოგიური ცვლილებები – ნეიროქიმიური და სტრუქტურული ცვლილებები თავის ტვინში, ჰორმონების მოქმედება, გადატვირთვის ან სტრესის ეფექტი, მშობლებთან ნეგატიური ურთიერთობები, პატივისცემის ნაკლებობა, მშობლების სიყვარულის ან ზრუნვის ნაკლებობა, ოჯახში ძალადობა, საყვარელ ადამიანთან განშორება, ახლო ადამიანების დაკარგვა, თანატოლებისაგან ბოროტი მოპყრობა, ოჯახის მხარდაჭერის არარსებობა, სოციალური გარემოს მხარდაჭერის არარსებობა, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა…
_როგორც ფსიქოლოგი , რა რჩევებს მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც დეპრესიული მდგომარეობის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან ?
_მათ, ვისაც დეპრესია აქვთ, პირველ რიგში ვურჩევდი მიმართონ სპეციალისტს: ნევროპათოლოგს, ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს და მკაცრად შეასრულონ მათი რეკომენდაციები; ფსიქოლოგიური და მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა, მნიშვნელოვანია ადამიანი თავადაც დაეხმაროს თავის თავს შემდეგი იოლი ქმედებებით:ძილ-ღვიძილი რეჟიმის დარეგულირებით; ფიზიკური ვარჯიშებით; ადამიანებთან ურთიერთობით,მათზე ზრუნვით, კეთილი საქმეების კეთებით; სხვებისაგან დახმარების მიღებით; ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამორიცხვით; სახალისო ფილმების ყურებით; პოზიტიური აფირმაციებით. დეპრესიის თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესითა და საკუთარი აზრების კონტროლით.
_როგორ დავეხმაროთ ახლობელს,რომელსაც დეპრესია აქვს?
_ამ შემთხვევაში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა: “ეს ნამდვილად დეპრესიული მდგომარეობაა?” – იქნებ მხოლოდ დროებითი აპათია, სევდა, ან დაღლილობაა, რაც სრულიად ბუნებრივია, რომ ყველა ადამიანს დროდადრო ქონდეს?ძალიან მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან კლინიკური დეპრესიის მკურნალობა მხოლოდ კარგი ფსიქოთერაპევტისა და ფსიქოლოგის დახმარებით ხდება.
ახლობელს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს დეპრესიაში მყოფი ადამიანის მდგომარეობა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლოს სრულფასოვანი პროფესიონალური დახმარების გაწევა. ამიტომ ჩემი აზრით, ახლობლის დახმარება სწორად იმაში მდგომარეობს, რომ დროულად მიაკითხონ პროფესიონალებს.
ფიზიკურ, სულიერ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას გისურვებთ!
მოამზადა მარიამ გვარამიამ