ემოციები თანდაყოლილია თუ კულტურით არის განპირობებული?
იცოდით, რომ იაპონიაში არ არის მიღებული საჯარო კოცნა? ეს ქვეყანა ამას კანონით არ კრძალავს. ეს უბრალოდ ძველი და არაფორმალური ყოფაქცევის წესია. რა თქმა უნდა, თუ თქვენ იაპონიაში ჩახვალთ, შესაძლოა შეგხვდეთ რამდენიმე წყვილი, რომელიც ერთმანეთს კოცნის. თუმცა ეს მხოლოდ იშიათი გამონაკლისია იმ მთავარი წესისა, რომ პირადული გრძნობები საჯაროდ არ უნდა იყოს გამჟღავნებული. ამ ქვეყანაში ადამიანები დაბადებიდანვე სწავლობენ თუ როგორ უნდა გააკონტროლონ ემოციები ხალხში, რადგან მსგავსი ემოციის გამოხატვა სისუსტედ ითვლება. ადამიანს არ უნდა ეტყობოდეს და სხვა ადამიანს არ უნდა დაანახოს საკუთარი მღელვარება, შიში, ბედნიერება, სევდა… ამიტომ ჩნდება კითხვა – თუ ამ კონკრეტულ კულტურაში ემოციის გამოხატვა ასე მკაცრად კონტროლდება წესებით, ნიშნავს ეს იმას, რომ ემოციები იმდენად ჩახშობილია იაპონიაში, რომ ისინი ამას არა მხოლოდ არ გამოხატავენ, არამედ ვერც გრძნობენ?
თანამედროვე ფსიქოლოგების განმარტებით, ემოცია არის ცვლილებათა რთული პატერნი, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევას. წარმოადგენს პასუხს სიტუაციაზე, რომელიც პიროვნულად მნიშვნელოვნად არის აღქმული. მიუხედავად იმისა, რომ ემოცია მრავალი საუკუნის წინაც ბევრი ფილოსოფოსისა და მეცნიერის განხილვის საგანი იყო, მისი მეცნიერული კვლევა და თეორიების შემუშავება მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს დაიწყო და ჩამოყალიბდა რამენიმე თეორია:
1) ჯეიმს–ლანგეს პერიფერიული უკუკავშირის თეორიის თანახმად, რეაქცია წინ უსწრებს ემოციას. ამას ამტკიცებდა არისტოტელეც – გრძნობა ჩნდება სხეულის რეაქციის შემდეგ. ჯემსმა კი ეს აზრი ასე ჩამოაყალიბა: მოწყენილები ვართ რადგან ვტირით, შეშინებული ვართ, რადგან ვკანკალებთ.
2) 40 წლის შემდეგ კენონმა და ბარდმა გამოაქვეყნეს ალტერნატიული ხედვა, რომლის მიხედვითაც, ემოციური სტიმული იწვევს ორ ერთდროულ რეაქციას – აგზნებასა და ემოციის განცდას, რომლებიც ერთმანეთს არ განაპირობებენ. (თუ რაიმე იწვევს ჩვენში გაბრაზებას, გულისცემა გაგვიხშირდება და ამავე დროს შესაბამისი აზრიც გაგვიჩნდება – როგორ გამაბრაზეს – მაგრამ სხეული და გონება არ კარნახობენ ერთმანეთს როგორი უნდა იყოს თითოეული მათგანის რეაქცია.)
3) 1960 წელს კი ახალი – კოგნიტური – თეორია ჩამოყალიბდა შახტერის და ზინგერის მიერ. ემოციის კოგნიტური შეფასების თეორიაში, როგორც სასტიმულო მოვლენები, ისე ფიზიოლოგიური აგზნება კოგნიტურად ფასდება სიტუაციისა და კონტექსტის მიხედვით. ემოციური განცდა აღმოცენდება აგზნების დონისა და კოგნიტური შეფასების ხასიათის ურთიერთქმედების საფუძველზე.
თუმცა იმისთვის, რომ უფრო ცხადი გაეხადათ კულტურული ფაქტორების ზეგავლენა ადამიანის ემოციებზე, კროს-კულტურულმა ფსიქოლოგებმა განავრცეს კიდევ ორი თეორიული მოდელი. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანის ემოციები არის უნივერსალური და კულტურას აქვს ლიმიტირებული ზეგავლენა მასზე. მეორე ხედვა კი წარმოგვიჩენს დაშვებას ემოციის კულტურული საწყისებისა და კულტურული სპეციფიურობის შესახებ.
საინტერესო არგუმენტები ადამიანის ემოციების მსგავსებებზე მომდინარეობს სხვადასხვა კვლევებიდან, რომლებიც შეეხება მდგრად კროს-კულტურულ მსგავსებებს ემოციების იდენტიფიკაციასა და იმ გზებს შორის, თუ რა სახელს არქმევენ სხვადასხვა კულტურისა და ენის მქონე ადამიანები ამა თუ იმ ემოციას.
სანამ კვლევებს განვილიხავთ, უნდა აღინიშნოს, რომ ემოციების ექსპრესიების კვლევასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მეთოდოლოგიური პრობლემა, როდესაც ხდება არა უშუალოდ დაკვირვება, არამედ ადამიანების მიერ სხვადასხვა სიტუაციაში განცდილი ემოციების ვერბალური აღწერა. რადგან ზოგიერთ სიტუაციაში (მაგალითად ექსტრემალურ სიტუაციაში) ადამიანებს ზუსტად არ ახსოვთ რა ემოციებს გამოხატავდნენ. ხოლო მეორე პრობლემა, რაც თითქმის ყველა კვლევას ახასიათებს, არის სოციალურად სასურველი პასუხების გაცემა. ამიტომ ბევრი ადამიანი ხშირად აღწერს არა იმას, რასაც განიცდიდა, არამედ იმას თუ როგორი რეაქცია უნდა ქონოდა ამა თუ იმ სიტუაციაში, რა იქნებოდა მორალურად უფრო გამართლებული. თუმცა ეს პასუხებიც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი საშუალებით შეგვიძლია მივხვდეთ თუ რა მოთხოვნებს უყენებს კულტურა ადამიანებს.
ადამიანს შეუძლია ახსნას სხვა ადამიანის ემოცია. მიუხედავად იმისა, ვსაუბროთ თუ არა იმ ადამიანის ენაზე, შეგვიძლია მივხვდეთ ეს ადამიანი ბედნიერია თუ მოწყენილი. თუ ჩვენ შეგვიძლია ემოცური ექსპრესიებით მივხვდეთ თუ რას გრძნობს სხვა ადამიანი, და სხვებსაც შეუძლიათ ჩვენი ემოციების სწორად აღქმა, ეს იმას ნიშნავს რომ ემოციები უნივერსალურია. სწორედ ამას ამტკიცებდა დარვინი საკუთარ ნაშრომში სახელად „ემოციების გამოხატვა ადამიანსა და ცხოველებში“. მას აინტერესებდა ემოციების ადაპტური ფუნქცია და მიიჩნევდა, რომ რადგან ადამიანის სახეობის განვითარების მანძილზე ყველას უწევდა მსგავს, განმეორებად პრობლემებთან გამკლავება, გარკვეული ტიპის ემოციური რეაქციები ადამიანის სახეობის ყველა წევრთან უნდა აღმოცენებულიყო.
ამ მოსაზრების მიხედვით, მთელი მსოფლიოს ბავშვებში ემოციური რეაქციების ერთი და იგივე პატერნები უნდა გამოვლენილიყო. ამიტომ 1992 წელს ჩატარდა კვლევა 5 და 12 თვის ასაკის იაპონელ და ამერიკელ ბავშვებზე. ექსპერიმენტის მეშვეობით დადგინდა, რომ ამ ორი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი ბავშვები სახის კუნთებს ერთნაირი პატერნით ამოძრავებნენ და ასევე გამოავლინეს ფიზიკური წინააღმდეგობის ერთნაირი დონე. მართალია ამ ექსპერიმენტით დადასტურდა მნიშვნელოვანი კროს-კულტურული შესაბამისობა, მაგრამ თანამედროვე კვლევების მიხედვით შეიმჩნევა კარკვეული განსხვავებებიც. მაგალითად, 11 თვის ჩინელი ბავშვები ემოციური უფრო ნაკლებ ექსპრესიულები იყვნენ ვიდრე მათი იაპონელი და ამერიკელი თანატოლები. აქედან გამომდინარე, კულტურა სიცოცხლის უკვე ადრეულ ეტაპზეც გარკვეულ გავლენას ახდენს ემოციურ რეაქციებზე.
რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებზე ჩატარებლ კვლევებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ეკმანისა და მისი კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევები, რომლებიც ამტკიცებენ იმას, რომ როგორც განვითარებული, ისე ნაკლებად განვითარებული (თუნდაც დამწერლობის არმქონე) კულტურების წარმომადგენლები საკმაოდ ერთნაირად აფასებენ ადამიანის სახეზე გამოხატულ ემოციებს. ამის შემდეგ ჩატარდა მრავალი კვლევა განსხვავებული კულტურების წარმომადგენლების მიერ სახის ემოციების ექსპრესიების ამოცნობასთან დაკავშირებით. შედეგების საფუძველზე კი დაასკვნეს, რომ არსებობს 6 უნივერსალური ბაზისური ემოცია – ბრაზი, სევდა, შიში, გაკვირვება, სიხარული, ზიზღი. (შერეული ემოციური ექსპრესიები – სირცხვილი და ფრუსტრაცია ასევე მარტივად ამოსაცნობია განსხვავებული კულტერების წარმომადგენლების მიერ). თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მცირე განსხვავებები მაინც აღინიშნებოდა სხვადასხხვა ქვეყნის ცდის პირების მიერ ამ ემოციების ამოცნობის შემთხვევაში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როცა საუბრობენ ემოციების უნივერსალურობაზე აქცენტი ძირითადად კეთდება სახის ემოციების ექპრესიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ემოციის ვოკალური ექსპერიებიც უნივერსალურია. ეს გულისხმობს იმას, რომ ადამიებს მხოლოდ ხმის ტემბრითა და ინტონაციებით შეუძლიათ აღიქვან იმ ადამიანის ემოცია, რომლის ენაზეც არ საუბრობენ და რომელსაც ვერ ხედავენ.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კულტურა ასევე დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებზე. მაგალითად ეკმანისა და მისი კოლეგების მეთოდით ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ იაპონელ მოზრდილებს უფრო მეტად უჭირდათ ბრაზის იდენთიფიკაცია, ვიდრე ამერიკელებს, უნგრელებს, პოლონელებს და ვიეტნამელ ცდის პირებს. ვიეტნამელებს კი უჭირდათ ზიზღის იდენთიფიკაცია ყველა სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან შედარებით.
ამიტომ კულტურული სპეციფიურობის მხარდაჭერები ამ განსხვავებების ასახსნელად მიმართავენ ლინგვისტური მრავალფეროვნების(თუ რა სახელებს არქმევენ ემოციებს), სოციალიზაციისა და ზოგადად კულტურული საწყისების შესწავლას.
მაგალითად, რასელმა და იკმა განიხილეს ძველი ჩინური ტექსტები, მათ შორის ისეთი ფილოსოფიური ტექსტები, რომლებიც არის კონფუციონიზმის, დაოიზმის და ბუდიზმის შესახებ და შეისწავლეს ის ბაზისური ემოციები, რომლებიც ამ ტექსტებში იყო ნახსენები. მათი ინგლისური შესატყვისებიდან არცერთი არ მიეკუთვნება ზიზღს. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ასევე დაადასტურეს, რომ ჩინელ ცდის პირებს სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად უჭირთ სხვა კულტურის წარმომადგენლების მიერ გამოხატული ზიზღის ემოციის ამოცნობა. თუმცა დანარჩენი ბაზისური ემოციის ამოცნობა მათ ჩვეულებრივად შეძლეს.
კულტურის გავლენის უკეთ წარმოსაჩენად ყველაზე ხშირად განიხილავენ იდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ ქვეყნებში ჩატარებული კვლევებს.
32 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა (მათ შორის ინდოეთსი, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, ზიმბაბვეში, აშშ-ში, გერმანიაში და მექსიკაში) დაამტკიცა, რომ ინდივიდუალიზმი დადებითად კორელირებს ემოციების გამოვლენის მაღალ სიხშირესთან. განსაკუთრებით ბედნიერება და გაოცება. ინდივიდუალიზმი უარყოფითად კორელირებს მწუხარების გამოხატვასთან. მწუხარება დისტრესის ნიშანია და ეს შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნეს როგორც პიროვნების სისუსტის ნათელი ნიშანი. ამ კვლევებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კულტურული ინდივიდუალიზმი, ზოგადად, ასოციაციაშია პოზიტიური ემოციების გამოხატვის ხელისშეწყობასთან.
თუმცა ინდივიდუალისტურ ქვეყნებთან შედარებით ნეგატიური ემოციები კიდევ უფრო ნაკლებადაა წახალისებული კოლექტივისტურ ქვეყნებში, რადგან აქ ჯგუფის შიგნით გამოხატული ნეგატიური ემოციები, კერძოდ სიძულვილი და ზიზღი, აღიქმება, როგორც სოციალური ურთიერთობების დისრუპტული ძალა.
მიუხედავად ამისა, ეს კვლევები არ მიუთითებენ იმაზე, რომ ადამიანები კოლექტივისტური კულტურებიდან ყოველთვის თავდაჭერილნი არიან ემოციის გამოხატვაში ან ინდვიდუალისტური კულტურებიდან პირიქით. როცა გვსურს განვსაზღვროთ სხვა ადამიანების ემოციების ექსპრესიები, უნდა გავითვალისწინოთ ამ ადამიენების უნიკალური პიროვნული მახასიათებლები, სიტუაციის გარემოება და პიროვნების როლი ამ სიტუაციაში.
გარდა ამისა ემოციების დაფარვა შესაძლოა დასწავლადიც გახდეს –
სუმოს მოჭიდავეები არასდროს გამოხატავენ ემოციებს. როგორც არ უნდა განვითარდეს სპორტის დროს მოვლენები, მათ სახეზე არცერთი ემოციის გამომხატავი კუნთი არ იცვლება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ვერ განიცდნიან ემოციებს. ისინი შინაგანად, რა თქმა უნდა, ყველაფერს გრძნობენ, თუმცა არ გამოხატავენ. იმისათვის, რომ გახდე პროფესიონალი სუმოისტი ძალიან დიდი შრომა და მრავალწილიაინი განათლებაა საჭირო. ამ წლების განმავლობაში ისინი სწავლობენ როგორ უნდა დამალონ გახარება, ფრუსტრაცია და სხვა გრძნობები შეჯიბრის დროს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კულტურა იმდენად დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ემოციებზე, რომ მათი საშუალებით უფრო მარტივი ხდება იმის გამოცნობა, თუ რომელი ეთნიკური ჯგუფის წამომადგენელია ადამიანი. მაგალითად თუ ადამიანი იღიმის, სხვა კულტურის წარმომადგენლებს მეტი შესაძლებლობა აქვთ გამოიცნონ მისი ეროვნება ვიდრე ნეიტრალური სახის გამომეტყველების დროს.
თუ ემოციები არის კულტურილი და სოციალური პროდუქტი, კულტურის ნორმები და გარემო ფაქტორები უნდა არეგულირებდნენ ადამიანების ემოციებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ კვლევების მიხედვით ადამიანების ბედნიერება და ცხოვრებით კმაყოფილება კორელირებს ეკონომიკასა და სოციალურ კრიზისებთან. მაგალითად 1999 წელს ჩატარებულ კვლევაში რუსეთსა და უკრაინაში დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ბედნიერების ინდივიდუალური ექსპრესია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.
დასკვნა
- ნებისმიერი ემოცია შეიძლება იყოს კულტურულად მსგავსი ან კროს-კულტურულად განსხვავებული, იმის მიხედვით, თუ განზოგადების (გენერელიზაციის) რა დონე გვაქვს შერჩეული აღწერისთვის.
- სავარაუდოდ ბევრი მსგავსების დანახვაა შესაძლებელი ემოციებში, როცა ისინი აღწერილია განზოგადების ან აბსტრაქციის მაღალი დონით. კვლევაში კურადღების გამახვილება სპეციფიკურ ემოციურ მახასიათებლებზე სავარაუდოდ ხაზს გაუსვამდა კულტურულ განსხვავებებს.
- ადამიანებს აქვთ პოტენციალი, რომ გამოცადონ ერთი და იგივე ბაზისური ემოციები. მაგრამ ჩვენი კულტურული სხვაობები და სოციალური გამოცდილებები გვიბიძგებს და გვახალისებს გამოვცადოთ კონკრეტული ემოციები და დავთრგუნოთ სხვები.შესაბამისად, ფსიქოლოგებმა უნდა მიიღონ ცოდნა კულტურული ნორმების, ექსპრესიების წესებისა დასხვადასხვა ემოციების სპეციფიური და უნივერსალური წინაპირობების შესახებ და შეისწავლონ ისინი კონკრეტული კულტურული კონტექსტის მიხედვით.
წყარო: http://intermedia.ge