დალაგებული აზრებით მიღწეული სასურველი მდგომარეობა
აფირმაცია, იგივე პოზიტიური დებულება – ძალიან კარგი და ეფექტური საშუალებაა სასურველი ცვლილებების განსახორციელებლად. აფირმაცია, ესაა დალაგებული აზრები, რომელიც გამოხატავს ადამიანისთვის სასურველ მდგომარეობას. ადამიანს ის შეუძლია ხმამაღლა წარმოთქვას ან ჩუმად, თავისთვის გულში, თუმცა შედეგიანია ორივე შემთხვევაში. მე პირადად ხმამაღლა წარმოთქმას ვანიჭებ უპირატესობას..
აფირმაციაში უნდა დავიცვათ 3 წესი:
პირველი, ის უნდა იყოს პოზიტიური.
მეორე, ის უნდა იყოს პიროვნული, ის ჩვენ უნდა გვეხებოდეს
მესამე, ის უნდა იყოს აწმყო დროზე.
მაგალითისთვის, გვინდა პოზიტიურ განწყობაზე ყოფნა? ჩვენ კი არ უნდა ვთქვათ, მე არ მინდა ნეგატიურ განწყობაზე ვიყო ან მე მინდა ვიყო პოზიტიურ განწყობაზე, არამედ აწმყო დროში უნდა ვამტკიცოთ, ჩვენთვის პოზიტიური წინადადებით. მაგალითად მე ვარ ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზე.
დღეისთვის უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს აზრების ძალა და მათი ზეგავლენა ადამიანის ცხოვრებაზე. უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ მხოლოდ აზრებსაც შეუძლია ადამიანში ფიზიკური ცვლილებების გამოწვევა. თუმცა მეცნიერებაში რომ არ შევიჭრათ, ისედაც შეგვიძლია ამაში დარწმუნება.
მაგალითად ჩვენ შეიძლება მოვისმინოთ ხუმრობა და ის სასაცილოდ მოგვეჩვენოს, თან იმდენად სასაცილოდ, რომ ავხარხარდეთ და კანკალიც კი დაგვეწყოს სიცილისგან. აქ კარგად ჩანს, რომ აზრი აკონტროლებს ჩვენს კუნთებს. შეიძლება რაღაც სამწუხარო ამბავი მოვისმინოთ და დავგეწყოს უნებური ტირილი, აქაც კარგად ჩანს, რომ აზრი აკონტროლებს ჩვენს ჯირკვლებს. შეიძლება ვიღაცაზე ძალიან გავბრაზდეთ, ამ დროს ჩვენს სახეს სისხლი აწვება და ჩვენ ვწითლდებით, ვმრისხანებთ; აქაც კარგად ჩანს, რომ აზრი აკონტროლებს ჩვენი სისხლის მიმოქცევას.
ალბათ კარგად ჩანს აზრების ძალა და მათი მეშვეობით სასურველი აფირმაციის შექმნის ეფექტურობა. ამას გარდა, ამ სამყაროში ყველაფერს თავისი ენერგეტიკა აქვს და როცა ჩვენ ვაზროვნებთ, რაიმეზე ვფიქრობთ, ჩვენ ჰარმონიაში მოვდივართ ამ ენერგიასთან და ვიზიდავთ მას, ან იმ ყველაფერს, რაც კავშირშია მასთან. ცნობიერსა და ქვეცნობიერზე რომ ვისაუბროთ, ამ მხრივ, ჩვენ კარგად მოგვეხსენება იუნგის მოსაზრება, რომ სხეული ეს არის განხორციელებული ქვეცნობიერი და სწორედ ქვეცნობიერში მოთავსებული აზრები და წარმოდგენები ვლინდება სხეულში.
ცნობიერი აკონტროლებს ქვეცნობიერს, ხოლო ქვეცნობიერი – სხეულს. აქაც კარგად ჩანს, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სასურველი აფირმაცია, ცნობიერებით დავატრიალოთ ის გონებაში მანამ, სანამ მას ქვეცნობიერი არ აიტაცებს და არ განახორციელებს მას სხეულში. ამის გარდა, ქვეცნობიერი მხოლოდ ჩვენი სხეულის განხორციელება არ არის. ასევე არის მოსაზრება, რომ ქვეცნობიერი არის დაკავშირებული ყველასთან და ყველაფერთან, მთელ ენერგეტიკულ სისტემასთან, ქსელთან. ამის კარგი მტკიცებულებაა ის, რომ როცა ჩვენ განვიზრახავთ რაიმეს, გადავწყვეტთ სინამდვილეში რა გვინდა, დავისახავთ მიზანს, როგორ ვიწყებთ ამ დროს ადამიანების, სიტუაციებისა და მოვლენების მოზიდვას, რომლებიც კავშირშია მიზანთან.
ჯოზეფ კემბელი ამას უწოდებს “ათას დამხმარე ხელს”, როდესაც ადამიანი მართალია საკუთარ თავთან და ეკოლოგიურად მიდის საკუთარი მიზნისკენ, ყველა და ყველაფერი ხელს უწყობს მას.
საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, საჭიროა უბრალოდ შევქმნათ ჩვენთვის სასურველი აფირმაცია, რომელიც გამოხატავს იმას, რაც გვინდა და დავატრიალოთ ის ჩვენს გონებაში, ცნობიერ ნაწილში, სანამ ის არ გადავა ქვეცნობიერში, ხოლო როცა ეს მოხდება, ქვეცნობიერი თვითონ იპოვის გზებს და რესურსებს ამ აფირმაციისთვის ხორცშესასხმელად და გახდება სიტყვა – ხორცი.
მოამზადა: ლევან გვასალიამ
© IBEL ACADEMY